განათლების მინისტრი: მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკა არც მათი და არც ოპონენტების მხრიდან არ შევიდეს. მინისტრის თქმით, მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. წულაძე გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება.


„ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის, მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ერთის მხრივ ჩვენი მხრიდან არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საგანმანათლებლო სივრცე, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ შევიდეს პოლიტიკა არც ოპონენტების მხრიდან.


შესაბამისად, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე, უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებაც, სკოლებისა და უნივერსიტეტების, რომ მათ უზრუნველყონ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესით და ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული მათთან დადებულ ხელშეკრულებებში ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლებიც და უნივერსიტეტებიც, ზუსტად იმიტომ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ეს პროცესი შეუფერხებლად, იღებენ დაფინანსებას. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ამ პროცესის შეფერხება ამ ვალდებულის დარღვევაა, რაც არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება, ისევ როგორც ეს მათ მოეთხოვებათ,” - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.


ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ნიშნად გაიფიცა უნივერსიტეტებისა და სკოლების ნაწილი, სწავლა შეწყდა რიგ უნივერსიტეტებში.

თბილისის კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტეს.


29 ნოემბერს "ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ 2 დეკემბერს სკოლა არ იმუშავებს.

ამავე დღეს სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა "მწვანე სკოლამაც". განცხადების მიხედვით, ამ ნაბიჯით მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება დაიცვეს.
სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამაც. პირველ დეკემბერს UG სკოლამ დაწერა ოფიციალური განცხადება, რომელშიც, პედაგოგების გაფიცვიდან გამომდინარე, ორი დღით სასწავლო პროცესის შეწყვეტა გამოაცხადა. მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა ასევე საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები დილიდან გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მოზარდები სკოლის მიმდებარედ დედა ენის ძეგლთან შეიკრიბნენ და მასწავლებლებს მოუწოდეს, შეუერთდნენ, რათა ერთად გააპროტესტონ თბილისში აქციების დარბევა და საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება. გაფიცულია თბილისის 52-ე საჯარო სკოლაც. გარდა სკოლებისა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში - სწავლის პროცესის შეწყვეტას ითხოვენ ქუთაისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები; გაფიცვას აწყობენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია - „მშობლები ვითხოვთ“ მიმდინარეობს. ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად არიან მისულნი.


ქვეყანაში პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“