ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ასადს სირიის დატოვება შესთავაზეს - მედია

The Wall Street Journal-ი სირიელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიაში მთავრობის საწინააღმდეგო დაჯგუფებების სწრაფი შეტევის შემდეგ, ეგვიპტის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ბაშარ ასადს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. მედია წერს, რომ ასადის ცოლი და შვილები უკვე რუსეთში გაემგზავრნენ, ხოლო სიძეები - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა ასევე ურჩიეს ასადს დროებითი საბჭოს ფორმირება, რომელშიც შევლენ ოპოზიციის წარმომადგენლები,“ წერს ამერიკული გამოცემა.


ბოლო მონაცემებით, სირიული დაჯგუფებები, რომელთაც სათავეში უდგას "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" და რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა ცნობილი აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, ქალაქ ჰომსს უახლოვდებიან.

„მისთვის ბრძოლა შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სირიის ხელისუფლებისთვის,“ წერს The Wall Street Journal-ი.

ჰომსის შესაძლო აღება ანტისამთავრობო ქვედანაყოფებს გზას გაუხსნის დამასკოსკენ და ასევე, მოწყვეტს სირიის დედაქალაქს რუსეთის სამხედრო ბაზებისგან ხმელთაშუა ზღვაში.


The New York Times-ი, თავის მხრივ, წერს, რომ ირანელმა დიპლომატებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა, ისლამისტების შეტევის ფონზე, სირიიდან ევაკუაცია დაიწყეს. გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ ქვეყანა უკვე დატოვეს, კერძოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის "ყუდსის" ქვედანაყოფის მეთაურებმა. გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე იტყობინება, რომ ირანელი სამხედროები ვერ დაეხმარებიან სამთავრობო არმიას, თუ მას ბრძოლა არ სურს.


BBC წერს, რომ სირიელი მეამბოხეები დამასკოს უახლოვდებიან.

სირიის ლიდერები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაშარ ალ-ასადმა დამასკო დატოვა.

The New York Times-ი წერს, რომ ასადის მოკავშირეები - ირანი, რუსეთი და ლიბანის შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული აშშ-ში, საკუთარი პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებული. ირანი და ჰეზბოლა ისრაელთან წინააღმდეგობითაა დაკავებული, ხოლო რუსეთი - უკრაინის წინააღმდეგ ომით. როგორც Sky News Arabia და Bloomberg-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რუსეთმა აცნობა ასადს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენებში მნიშვნელოვან ჩარევას არ აპირებს.


ცნობისთვის, შეიარაღებულმა ჯგუფებმა სირიის სამთავრობო არმიის წინააღმდეგ შეტევა ნოემბრის ბოლოს დაიწყეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ისლამისტებმა ქალაქების - ალეპოს, ჰამას და დაირ-ელ-ზავრის თავიანთი კონტროლის ქვეშ მოქცევა შეძლეს.