დონალდ ტრამპი: ასადი გაიქცა - მისი მფარველი, რუსეთი, პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს, რომ რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულ მდგომარეობაში არიან, რუსეთი უკრაინისა და ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ირანი კი, ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატების გამო.


„ასადი წავიდა, ის თავისი ქვეყნიდან გაიქცა. მისი მფარველი, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით. უპირველეს ყოვლისა, რუსეთს იქ ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. მათ სირიის მიმართ ინტერესი უკრაინის გამო დაკარგეს, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება, სამუდამოდ გაგრძელდეს,“ - წერს ტრამპი.


„ზელენსკის და უკრაინას სურთ გარიგების დადება და სიგიჟის შეჩერება. მათ უაზროდ დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი სიცოცხლე ასე უაზროდ იკარგება, ძალიან ბევრი ოჯახი ნადგურდება და თუ ეს გაგრძელდება, შეიძლება, გადაიქცეს უფრო დიდ და ბევრად უარეს რამედ. მე კარგად ვიცნობ ვლადიმერს. მისი დროა, იმოქმედოს,“ აღნიშნავს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი. მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია, ხელი შეუწყოს პროცესს. „მსოფლიო ელოდება,“ - წერს ტრამპი.


შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა სირიის დედაქალაქი დამასკო დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა დედაქალაქი თვითმფრინავით დატოვა. ამ დროისთვის, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. სირიის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს სირიელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან და მიიღოს ნებისმიერი ზომა ძალაუფლების „გადაცემისთვის.“


სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება, ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი გაიქცა საზღვარგარეთ, ძირითადად, მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში, სულ ცოტა, ერთი მილიონი კი - ევროპაში.