ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფი - „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყოფა და „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთანხმებლობა არ ჰქონიათ. მისივე განმარტებით, პარტიამ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ „ქვეყანაში პრაქტიკულად, არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია.“
„არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას და ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ მოსახლეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც, სამწუხაროდ, დავიწყებული აქვთ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთავსებლობა არ გვქონია. საუბარია იმაზე, რომ არსებობს ისეთი საკითხები, სადაც, როგორც თავის დროზე აღვნიშნეთ, „ქართულ ოცნებასთან“ გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ასევე გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას ისიც, რომ ორ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ჩვენ დავტოვეთ პარტია „ქართული ოცნება“, ბევრი კითხვა ჩნდებოდა, თუ რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ იმუშავა და თან ძალიან ძლიერად. ამიტომ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ პარტია „ხალხის ძალა“ აუცილებლად შექმნის იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც იქნება ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში,“ განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ „საკუთარი სურვილით არ შევიდნენ.“
ცნობისთვის, პარლამენტმა “ხალხის ძალის“ ინიციატივით მხარი დაუჭირა და დაჩქარებული წესით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც “ხალხის ძალას“ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის არსებობდა.
„ხალხის ძალა“ 2024 წელს „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობდა არჩევნებში. სიაში იყვნენ: სოზარ სუბარი; მიხეილ ყაველაშვილი; დიმიტრი ხუნდაძე; გურამ მაჭარაშვილი;
ირაკლი ბერაია; ეკა სეფაშვილი; ზაალ მიქელაძე; ვიქტორ ჯაფარიძე. საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ ამ პარტიიდან დაასახელა.
მოძრაობა „ხალხის ძალა,“ „ქართული ოცნებიდან“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის - საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს.“ 2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომლის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.