„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი, ოპოზიციის კვოტით, პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს

„ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ვიცე-სპიკერის ერთი თანამდებობა ოპოზიციას ეკუთვნის - სწორედ ეს ადგილი დაიკავა სუბარმა. მანამდე, “ხალხის ძალამ“ გამოაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და „ქართული ოცნების“ „ჯანსაღ ოპოზიციაში“ გადადის


დადგენილებას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, სხდომას არ ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ შორის არიან საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.