კანადურმა კომპანია Central European Petroleum-მა ორშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, შჩეცინის პორტიდან 6 კილომეტრის (3.7 მილის) დაშორებით, ბალტიის ზღვაში ნავთობის და გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინეს.
კომპანიის ინფორმაციით, საბადოს მარაგი 22 მილიონ ტონამდე ამოსაღებ ნახშირწყალბადს და 5 მილიარდ კუბურ მეტრ კომერციული ხარისხის ბუნებრივ გაზს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს არის პოლონეთში ყველაზე დიდი აღმოჩენა, მთელ ევროპაში კი, ერთ-ერთი უდიდესი ფაქტია.
Wolin-ის ლიცენზიის ფარგლებში აღმოჩენილი ბუნებრივი გაზის რესურსი შესაძლოა, 300 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის ექვივალენტი იყოს.
ბურღვით სამუშაოს ამერიკული კომპანია Noble Corporation-ი ახორციელებს, ხოლო პროექტის საინჟინრო ზედამხედველობას და მენეჯმენტს უზრუნველყოფს კომპანია Zenith Energy, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში გაავრცელა განცხადება, რომ Wolin East 1-ის ჭაბურღილი Central European Petroleum-ს წარმატებით ჩაბარდა.
ბოლო წლებში პოლონეთში ქვანახშირის მოხმარება იკლებს, თუმცა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოთხოვნა კვლავ იზრდება, რაც ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ემისიების მქონე ეკონომიკად აქცევს.
ამავდროულად, ქვეყანაში იზრდება ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულება: ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 29%-დან 45%-მდე გაიზარდა, ხოლო ნედლი ნავთობის დაახლოებით 97% პოლონეთს ასევე იმპორტით მიეწოდება. ამ აღმოჩენამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს პოლონეთის ენერგოდამოკიდებულება და გავლენა მოახდინოს მეზობელ გერმანიის ენერგეტიკულ ბაზარზეც.