ტრამპმა გააზიარა ალიევის განცხადებიდან ამონარიდი, რომლის თანახმად, თეთრი სახლის ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ომებს ასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის გამოსვლიდან ფრაგმენტი გააზიარა, რომელშიც ის მადლობას უხდის ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის მოკლე პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ ტრამპი არის ადამიანი, რომელიც ომებს ასრულებს.


„მე არ მიწინასწარმეტყველებია ტრამპის გამარჯვება. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ აზერბაიჯანელი ხალხისთვის ეს იქნებოდა სასურველი არჩევანი, რადგან ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ღირებულებები, მათ შორის, ოჯახური ღირებულებები. ის ერთადერთი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც ომები არ წამოუწყია. მისი პრეზიდენტობის მოკლე პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ იგი არის ადამიანი, რომელიც ომებს ასრულებს. ასევე, პირადად მადლიერები ვართ მისი სურვილისთვის, დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს საბოლოო შეთანხმების მიღწევაში.


მიუხედავად იმისა, რომ იგი გლობალური უსაფრთხოების უფრო ფართომასშტაბიანი საკითხებით არის დაკავებული, სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.


ჩვენ, აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ვეხმაურებით მის გამარჯვებას სიხარულით — მრავალი მიზეზის გამო — და ვუსურვებთ მას საქმის ბოლომდე მიყვანას, განსაკუთრებით ე.წ. ჭაობის 

(Washington swamp -  მეტაფორული გამოთქმა, რომელიც ხშირად გამოიყენება ვაშინგტონში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე, არაეფექტურობაზე და შიდა, ელიტურ კულტურაზე საუბრისას. იგი აღნიშნავს ისეთ გარემოს, სადაც საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული მოქმედებები და პოლიტიკური მანიპულაციები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი კეთილდღეობა, რედ.)  სრულად გაწმენდის თვალსაზრისით,“ აღნიშნა ალიევმა.


მოგვიანებით, ალიევმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტამპს იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა შუშის მედიაფორუმზე მისი გამოსვლის ნაწილი, სადაც ის აშშ-თან პარტნიორობასა და მსოფლიოში მშვიდობიანი დღის წესრიგის მხარდაჭერაზე საუბრობდა.


„მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში, ჩვენი რეგიონის ჩათვლით, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის ხედვებისა და ძალისხმევის მიმართ. ჩვენ ასევე ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები და ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები მისი პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა. ჩვენ ვუსურვებთ მას წარმატებებს ამ მიზნისკენ გზაზე ყველა მის წამოწყებაში,“ – წერს ალიევი.