აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის III ფაზის სარაკეტო სისტემის, Bradley-ის ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანების, შეიარაღებისთვისა და მათი შენახვისთვის საჭირო აღჭურვილობის, მომსახურებისა და დოკუმენტაციის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.
აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) კონგრესს შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით საჭირო სერტიფიკაცია გადასცა.
DSCA-ს განცხადებით, უკრაინის მთავრობამ HAWK-ის სარაკეტო სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მომსახურების შესყიდვა ითხოვა, მათ შორის, სისტემისა და რაკეტების სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური დოკუმენტაცია, წვრთნები, აშშ-ს მთავრობისა და კონტრაქტორის ტექნიკური მხარდაჭერა და ა.შ.
„შეთავაზებული მიყიდვა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს დაეხმარება უკრაინის მხრიდან საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობის გაძლიერებით. შეთავაზებული მიყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს ახლანდელ და სამომავლო საფრთხეებს მისი დამატებით შეიარაღებით,” - ვკითხულობთ განცხადებებში.
Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანების და აღჭურვილობის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ხოლო HAWK-ის ტიპის სარაკეტო სისტემების - დაახლოებით 172 მილიონი დოლარი.
Bradley-ის 25მმ-იანი ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამიზნეებზე თავდასხმისას ჯარისკაცების ფრონტზე გადაყვანა შეუძლია, HAWK-ის ტიპის სარაკეტო სისტემები კი, საშუალო მანძილის “მიწა-ჰაერის” ტიპის სისტემაა.