რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ტრამპმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული პირადი ძალისხმევისთვის. უკრაინა სრულად უჭერს მხარს მკვლელობების შეჩერების აუცილებლობას. ეს საკითხი განხილვის ცენტრში იყო. 


ლიდერებმა შეათანხმეს პოზიციები და გაცვალეს სიტუაციის შეფასებები. დონალდ ტრამპი ინფორმირებულია რუსული დარტყმების რაოდენობის ზრდის, ასევე, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და თემებზე თავდასხმების შესახებ.


„უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. რუსეთის ეკონომიკა აგრძელებს კლებას, სწორედ ამიტომ არის მოსკოვი ასეთი მგრძნობიარე მკაცრი სანქციების პერსპექტივისა და პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების მიმართ. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ ევროპულ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუწყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. ნიდერლანდებმა, შვედეთმა, ნორვეგიამ და დანიამ უკვე გამოყვეს 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყოფა ამერიკული იარაღის შესაძენად.


NATO-ს ქვეყნებთან ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა დრონების შესახებ შეთანხმების პროექტი. უკრაინა მზადაა, დოკუმენტი დეტალურად განიხილოს და ხელი მოაწეროს მას. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს სიცოცხლის დაცვაში მხარდაჭერისთვის,“ წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


„პროდუქტიული საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, საკვანძო ფოკუსით, რა თქმა უნდა, ომის დასრულებაზე. მადლობელი ვართ აშშ-ის პრეზიდენტის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ ყველა ძალისხმევისთვის. ნამდვილად აუცილებელია მკვლელობების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და სრულად ვუჭერთ მხარს. უკვე ბევრი თვე შესაძლოა, გასულიყო ომის გარეშე, რუსეთი რომ არ აგრძელებდეს მას.


დღეს ჩვენი პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ - უკრაინისა და შეერთებული შტატების. ჩვენი შეფასებები ვითარების შესახებ გავცვალეთ: რუსეთი თავისი თავდასხმების სისასტიკეს აძლიერებს. პრეზიდენტი ტრამპი სრულად ინფორმირებულია კიევზე, სხვა ქალაქებსა და სოფლებზე რუსული თავდასხმების შესახებ.


რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ვისაუბრეთ. მათი ეკონომიკა დაცემას აგრძელებს და მოსკოვი სწორედ ამიტომ არის ასე მგრძნობიარე ამ პერსპექტივაზე და პრეზიდენტ ტრამპის გაბედულობაზე. ამას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია,“ - წერს თავის მხრივ, ზელენსკი სოციალურ ქსელში.


უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან მან ასევე განიხილა ევროპის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის თავდაცვას ეხმარება. ზელენსკის თქმით, ამერიკასთან დრონების შესახებ შეთანხმების პროექტი კიევმა უკვე მოამზადა და მზად არის დეტალურად განიხილოს და გააფორმოს.