ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი მოსკოვშია

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტ ტრამპის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, მოსკოვშია. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ უიტკოფს სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი და პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა. 


აშშ-ის პრეზიდენტმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში 6 ან 7 აგვისტოს ჩავიდოდა.

4 აგვისტოს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კვირაში პრეზიდენტ პუტინის და უიტკოფის შეხვედრა გამორიცხული არ არის.


5 აგვისტოს დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ უიტკოფი პუტინს 6 აგვისტოს შეხვდება.

8 აგვისტოს იწურება ვადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მისცა უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავს.