ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობისთვის საზღვაო მარშრუტის კვლევა დაიწყო

ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფნის შექმნის მიზნით, ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობისთვის საზღვაო მარშრუტის კვლევა დაიწყო, რომელიც ხსენებული დერეფნის შექმნისთვის, „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის ძირითადი კომპონენტია.


კვლევა მოიცავს სანაპირო ზოლის ანალიზს და ზღვის ფსკერის დეტალურ შესწავლას. კვლევა ამ სტრატეგიული პროექტის მშენებლობისთვის უმოკლესი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი მარშრუტი განსაზღვრას შეუწყობს ხელს. საზღვაო მარშრუტის კვლევა, რომელიც ერთდროულად დაიწყო აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, სავარაუდოდ, ოთხ კვირამდე გაგრძელდება.


„საზღვაო მარშრუტის კვლევის დაწყებით, ჩვენ ახლა მშენებლობის ძირითად ფაზაში შევდივართ. პროექტის ამ ეტაპის განსახორციელებლად, ჩართულია უახლესი ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც გააძლიერებს რეგიონულ ციფრულ კავშირს და კასპიის ზღვას გლობალური ციფრული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილად წარმოაჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აზერბაიჯანის, ასევე, ყაზახეთის მხარეს სამუშაო წარმატებით და დროულად დასრულდება,“ - განაცხადა „აზერტელეკომის“ საბჭოს თავმჯდომარემ ემილ მასიმოვმა.


ტრანსკასპიური ბოჭკოვანი კაბელის პროექტის ფარგლებში, კასპიის ზღვის ფსკერზე 380 კმ სიგრძის ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელი გაივლის, რომელიც სუმგაითს (აზერბაიჯანი) და აქტაუს (ყაზახეთი) დააკავშირებს. 400 ტბიტ/წმ-მდე დაგეგმილი სიმძლავრით, ეს წყალქვეშა საკომუნიკაციო ხაზი ხელს შეუწყობს დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემას. მშენებლობის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტს აზერბაიჯანიდან AzerTelecom და ყაზახეთიდან Kazakhtelecom ახორციელებს. ტექნიკურ ზედამხედველობას და საკონსულტაციო მხარდაჭერას აშშ-ში დაფუძნებული კომპანია „Pioneer Consulting“ უზრუნველყოფს.


ტრანსკასპიური ბოჭკოვანი კაბელი „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია - ციფრული სატელეკომუნიკაციო დერეფანი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და თურქმენეთში გაივლის. ეს ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც მონაცემთა გადაცემისთვის მაღალ გამტარობასა და დაბალ შეყოვნებას უზრუნველყოფს, ყველაზე ეფექტიანი და პირდაპირი მარშრუტის ფუნქციას შეასრულებს, რაც რეგიონულ თანამშრომლობას გააძლიერებს და სხვადასხვა ქვეყანაში მდგრად განვითარებას მხარს დაუჭერს.


პროექტი, კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებს შორის მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების გაყვანას გულისხმობს და მისი მიზანია აზერბაიჯანის გავლით ევროპასა და აზიას შორის ციფრული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბება მაგისტრალური საკაბელო ხაზების გაყვანით, რაც კასპიის ზღვის ფსკერზე დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემის საშუალებას იძლევა.