ჩინეთიდან თურქეთში შუა დერეფნის გავლით ტვირთის მიწოდების დრო 15 დღემდე შემცირდა

ჩინეთიდან თურქეთში შუა დერეფნის მარშრუტით ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების მიწოდების დრო 15 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ენვერ ისკურტმა, სტამბოლში გამართულ შეხვედრასა და ევროპაში მატარებლების გაგზავნის ცერემონიაზე განაცხადა.


ჩინეთიდან ჩასული ორი სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან პოლონეთის (ლოძი) და უნგრეთის (ბუდაპეშტი) მიმართულებით გაემგზავრა.

„ერთ-ერთი მატარებელი ჩენდუდან დაიძრა, რომელმაც სინძიანის ალატავის უღელტეხილის გავლით, „შუა დერეფნის“ მარშრუტით 508 ტონა ტვირთი გადაიტანა და თურქეთში, ყარსში ჩავიდა. დროის 15 დღემდე შემცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩინეთის, თურქეთისა და ევროპისთვის,“ – განაცხადა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მანვე  ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანია ალატავიდან ყარსამდე მგზავრობის დროის 10 დღემდე შემცირება.


შეგახსენებთ, რომ 2015 წელს თურქეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, შუა დერეფნის პროექტი ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივასთან კოორდინირებული იქნებოდა.

შუა დერეფანი არის მულტიმოდალური მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.