ტრამპი პუტინთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ „შეთანხმება არ არსებობს“, მაგრამ პროგრესი მიღწეულია

  • ტრამპი ამბობს, რომ დაურეკავს NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება „საბოლოო ჯამში“ მათზეა დამოკიდებული და ისინი უნდა შეთანხმდნენ. პუტინი კვლევ იმეორებს, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად „ძირითადი მიზეზები“ უნდა აღმოიფხვრას. პრესკონფერენციაზე ღიად დარჩა საკითხი, მოლაპრაკებებზე გამოიკვეთა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა, ალასკაში მოლაპარაკებების შემდეგ დაახლოებით 10-წუთიანი ბრიფინგი გამართეს.

მანამდე, ტრამპთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი, იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები თითქმის სამი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

  • მხარეებმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.

მედიასთან განცხადება პირველმა პუტინმა გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრას „დიდი ხნის დაგვიანებული“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელმა საუბარმა კონსტრუქციულად ჩაიარა.


ის აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის რამდენიმე წლის განმავლობაში სამიტი არ ჩატარებულა და ამბობს, რომ ორმხრივი ურთიერთობები „ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.“


პუტინი ამბობს, რომ აშშ და რუსეთი, „მიუხედავად იმისა, რომ მათ ოკეანე ჰყოფთ, ახლო მეზობლები არიან.“ 

ის აღნიშნავს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების არსებობას აშშ-ის შტატში და ამბობს: „დარწმუნებული ვარ, ეს მემკვიდრეობა დაგვეხმარება ორმხრივად სასარგებლო და თანასწორი კავშირების აღდგენასა და განმტკიცებაში.“


პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინელები და ევროპელები გადაწყვეტენ, „არ ჩაშალონ“ სამშვიდობო პროცესი. „მინდა, მადლობა გადავუხადო ტრამპს კეთილი სურვილებისთვის,“ - ამბობს პუტინი და აღნიშნავს რომ „ორივე მხარე შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს“. „ტრამპს აშკარად აინტერესებს თავისი ერის კეთილდღეობა. თუმცა ესმის, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს,“ - ამბობს პუტინი.


ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია. 

ტრამპმა საკუთარი სიტყვის ბოლოს განაცხადა, რომ პუტინს კიდევ ერთხელ მოკლე ვადაში შეხვდებოდა, რაზეც პუტინმა უპასუხა: „შემდეგ ჯერზე - მოსკოვში."


აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ძალიან პროდუქტიული“ მოლაპარაკებების შემდეგ, შემდგომი პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. 
 
„მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან,“ ამბობს ტრამპი და პუტინთან შეხვედრას „უკიდურესად პროდუქტიულს“ უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. 

ტრამპი ამბობს, რომ დაურეკავს NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „საბოლოო ჯამში“ მათზეა {შეთანხმება} დამოკიდებული და ისინი უნდა შეთანხმდნენ.

 „ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება. NATO-ს წარმომადგენლებს დავურეკავ ცოტა ხანში.

სხვადასხვა ხალხს დავურეკავ, ვინც მგონია, რომ სათანადოა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელ შეხვედრაზე ვეტყვი. საბოლოო ჯამში ეს მათზეა დამოკიდებული დათანხმდებიან თუ არა იმას, რაც მარკომ [რუბიო] და სტივმა [უიტკოფი] მოიფიქრეს…ძალიან ველით შეთანხმებას.  ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ დღეს," - განაცხადა ტრამპმა. 

ტრამპი და პუტინი ბრიფინგის ადგილას, გვერდიგვერდ დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ.
 
ორივემ აღნიშნა, რომ მათი კერძო მოლაპარაკებების დროს პროგრესი იყო მიღწეული, თუმცა შეხვედრა მყარი შეთანხმების გარეშე დასრულდა. 
 
პუტინი შეხვედრას კონფლიქტის „მოგვარების საწყის წერტილად“ ახასიათებს. ის ტრამპთან ურთიერთობას „საქმიანს“ უწოდებს და ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ომი არ დაიწყებოდა, თუ ის თანამდებობაზე 2020 წლის არჩევნების შემდეგაც დარჩებოდა.
  • ტრამპი ამბობს, რომ „ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ“, მაგრამ „რამდენიმე“ რჩება. ის დაკონკრეტების გარეშე მიუთითებს, რომ „ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.“