- ტრამპი ამბობს, რომ დაურეკავს NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება „საბოლოო ჯამში“ მათზეა დამოკიდებული და ისინი უნდა შეთანხმდნენ. პუტინი კვლევ იმეორებს, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად „ძირითადი მიზეზები“ უნდა აღმოიფხვრას. პრესკონფერენციაზე ღიად დარჩა საკითხი, მოლაპრაკებებზე გამოიკვეთა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა, ალასკაში მოლაპარაკებების შემდეგ დაახლოებით 10-წუთიანი ბრიფინგი გამართეს.
მანამდე, ტრამპთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი, იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები თითქმის სამი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.
- მხარეებმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.
მედიასთან განცხადება პირველმა პუტინმა გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრას „დიდი ხნის დაგვიანებული“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელმა საუბარმა კონსტრუქციულად ჩაიარა.
ის აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის რამდენიმე წლის განმავლობაში სამიტი არ ჩატარებულა და ამბობს, რომ ორმხრივი ურთიერთობები „ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.“
პუტინი ამბობს, რომ აშშ და რუსეთი, „მიუხედავად იმისა, რომ მათ ოკეანე ჰყოფთ, ახლო მეზობლები არიან.“
ის აღნიშნავს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების არსებობას აშშ-ის შტატში და ამბობს: „დარწმუნებული ვარ, ეს მემკვიდრეობა დაგვეხმარება ორმხრივად სასარგებლო და თანასწორი კავშირების აღდგენასა და განმტკიცებაში.“
პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინელები და ევროპელები გადაწყვეტენ, „არ ჩაშალონ“ სამშვიდობო პროცესი. „მინდა, მადლობა გადავუხადო ტრამპს კეთილი სურვილებისთვის,“ - ამბობს პუტინი და აღნიშნავს რომ „ორივე მხარე შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს“. „ტრამპს აშკარად აინტერესებს თავისი ერის კეთილდღეობა. თუმცა ესმის, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს,“ - ამბობს პუტინი.
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია.
ტრამპმა საკუთარი სიტყვის ბოლოს განაცხადა, რომ პუტინს კიდევ ერთხელ მოკლე ვადაში შეხვდებოდა, რაზეც პუტინმა უპასუხა: „შემდეგ ჯერზე - მოსკოვში."
- ტრამპი ამბობს, რომ „ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ“, მაგრამ „რამდენიმე“ რჩება. ის დაკონკრეტების გარეშე მიუთითებს, რომ „ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.“