ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ალასკის სამიტის შემდეგ აცხადებს.
„პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ვიდრე ევროპელი ლიდერები შემოგვიერთდებოდნენ, ჩვენ პირისპირ საუბრით დავიწყეთ. ეს ზარი საათ ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივი საუბარი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპმა მას, სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ძირითადი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერეს გავლენა ჰქონდეს სიტუაციის განვითარებაზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ. ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა დეტალურად განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. მოწვევისთვის მადლობელი ვარ,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ის ხაზს უსვამს, რომ უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მაქსიმალური ძალისხმევით იმუშაოს მშვიდობის მისაღწევად.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ჩართულნი იყვნენ ყველა ეტაპზე, რათა ამერიკასთან ერთად უზრუნველყონ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. ჩვენ ასევე განვიხილეთ ამერიკული მხარის დადებითი სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ყველა პარტნიორთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება,“ წერს ზელენსკი X-ზე.
თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ის ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.
ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა.