რას შეიძლება, მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის

„ძლიერი უკრაინული არმია, ამერიკული იარაღი, უკრაინული დრონები“ - რას შეიძლება, მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის


18 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის ლიდერთან შეხვედრას საუკეთესო უწოდა. ტრამპმა მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი“ უწოდა.


ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა და მასთან საუბარში განიხილა რუსეთის პრეზიდენტისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრის საკითხი. ტრამპის სიტყვებით, ვაშინგტონის სამიტის შემდეგ, უკვე უნდა შედგეს სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, უკრაინისა და აშშ- ის პრეზიდენტების მონაწილეობით.


ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, როგორც რუსეთთან ომის დასრულების გეგმის ნაწილი. ტრამპის თქმით, გარანტიებს ევროპული ქვეყნები უზრუნველყოფენ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ზელენსკისთანაც და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის პირობა. დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სასურველი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს ახლა შესაძლებელი არ არის. BBC წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ზელენსკის აღარ უხსენებია, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ უკრაინული მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მოქნილ პოზიციას დაიჭერს.


ორშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის „ნათელი სიგნალი“ შეერთებული შტატების მზადყოფნის შესახებ, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ევროპული ქვეყნები განიხილავენ 90 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის შეძენას, შემდგომში უკრაინის არმიისთვის გადაცემის მიზნით.


უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის

BBC წერს, რომ ამ დრომდე აშშ ერიდებოდა კონკრეტული ვალდებულების აღებას, მაგრამ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, დაკმაყოფილდეს ევროპული ქვეყნების მიერ „შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.“ მანვე აღნიშნა, რომ აშშ „დაეხმარება“ ევროპას უკრაინისთვის დაცვის შეთავაზებაში. თუმცა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს სინამდვილეში ეს გარანტიები და რამდენად ძლიერი შეიძლება, იყოს ის, ჯერ კიდევ გაურკვეველია.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიანიშნა, რომ „პირველი უსაფრთხოების გარანტია, რომელზეც „ჩვენ ვმუშაობთ“ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერი უკრაინული არმიაა, რომელიც შედგება რამდენიმე ასეული ათასი კაცისგან, კარგად აღჭურვილი, თავდაცვის სისტემებითა და უფრო მაღალი სტანდარტებით.“


„მეორე არის ბრიტანელების, ფრანგების, გერმანელების, თურქების და სამშვიდობო ძალების ყოლა — არა ფრონტის ხაზზე, არა პროვოკაციული გზით, არამედ ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე სამშვიდობო ოპერაციების ჩატარება. მიზანია სტრატეგიული სიგნალის გაგზავნა: უკრაინაში მშვიდობა ჩვენი საზრუნავიცაა,“ - განუცხადა მაკრონმა ფრანგულ მაუწყებელ TF1-LCI-ს.


მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ „ძლიერი უკრაინული არმიის“ აუცილებლობაზე, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ თავდასხმას გაუძლოს და რომ მას არ ექნება „შეიარაღების რაოდენობაზე ან შესაძლებლობებზე შეზღუდვა.“


„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო რამდენიმე დღეში, რომ ახლა აშშ მზადაა, ამის ნაწილი იყოს. გასულ თებერვალს, ავიღეთ ვალდებულება და შევქმენით მსურველთა კოალიცია, რაც იყო რეაქცია ჩვენს იმ განცდაზე, რომ შეგვეძლო სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, თუმცა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს - ჯერ იყო საქართველო 2008-ში, ყირიმი - 2014-ში. და, უდავოა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დადებ, რუსეთი არასდროს შეასრულებს სიტყვას, არასდროს შეასრულებს მის მიერვე აღებულ ვალდებულებებს,“ აღნიშნა მაკრონმა.


AFP-ის ცნობით, მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის ტერიტორიული დათმობების საკითხი არ განხილულა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი განხილვის საგანი არ არის, თუმცა მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მიმდინარეობს.


„სიტუაცია შემდეგია - აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ არიან. NATO-ს ოფიციალური პოზიცია კი ის არის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, NATO-ში გაწევრიანება არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე და ის, თუ ზუსტად რას გულისხმობს ეს, ამას ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილავთ,“ - განაცხადა მარკ რუტემ.


თავის მხრივ, ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების კიდევ ერთი გარანტია უნდა გახდეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, კიევი აშშ-სგან ევროპის დახმარებით, $100 მილიარდის ღირებულების იარაღს შეიძენს. მანვე აღნიშნა, რომ ძლიერი არმია უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს.


„მეორე პუნქტი ეხება აშშ-ის შეიარაღების პაკეტს, რომელიც მოიცავს სისტემებს, რომლებიც ჩვენ არ გვაქვს, ძირითადად თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ა.შ. ნამდვილად არსებობს ჩვენი წინადადებებით შედგენილი პაკეტი, რომლის ღირებულება 90 მილიარდი დოლარია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. გარდა ამისა, უკრაინამ მიაღწია შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, რომ „როგორც კი ჩვენი ექსპორტი განახლდება, ისინი შეიძენენ უკრაინულ დრონებს.“


ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მომავალი კვირის შუა რიცხვებისთვის პარტნიორებისგან წერილს მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი წერილობით ჩამოყალიბდება და დეტალები მომავალ 7-10 დღეში გახდება ცნობილი.


ზელენსკი-პუტინის შესაძლო შეხვედრა 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინის შეხვედრის თარიღი დადგენილი არ არის. 

ზელენსკიმ აღნიშმა, რომ არ სურს შეხვედრაზე პირობების დაწესება, რადგან პუტინი საკუთარ პირობებს დაიცავს.


„მე მჯერა, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ და ვიფიქროთ ომის დასრულებისკენ მიმავალი ამ გზის შემდგომ განვითარებაზე,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან შეხვედრაზე „ნებისმიერი ფორმატისთვის.“ ტერიტორიებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მასა და პუტინს შორის არის განსახილველი.


თავის მხრივ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან „დაიწყო პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება, რომელიც განსაზღვრულ ადგილას გაიმართება. ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ როდის გაიმართება შეხვედრა. მან ხაზი გაუსვა, რომ 18 აგვისტოს შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, რომლებსაც „სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.“

„ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთ-უკრაინის მშვიდობის შესაძლებლობით,“ - დაწერა ტრამპმა.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერის შეფასებით, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ ევროპელ ლიდერებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის „ერთიანობის რეალური განცდა“ აჩვენა. 


საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა უახლოეს დღეებში განაახლებენ კონტაქტს, ხოლო ორ-სამ კვირაში ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართება.