ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სირიაში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის "დელეგაცია" დამასკოს 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში ჩავიდა.

გამოფენა 27 აგვისტოს გაიხსნება და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად გაიმართება.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით "დელეგაციის" შემადგებლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობს "მინისტრი" ოლეგ ბარციცი, შედიან ასევე "ეკონომიკის მინისტრი" თეიმურაზ მიქვაბია, "კულტურის მინისტრი" დაურ კოვე, "საგარეო საქმეთა მინისტრის" მოადგილე ირაკლი ტუჟბა, "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის" პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკური საკითხებში მაქსიმ ღვინჯლია, "სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს" მთავარი სპეციალისტი საიდ სანგულია და "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის უფროსი არტურ გაგულია.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი ივნისში "სამუშაო ვიზიტით" უკვე იმყოფება სირიაში. ის შეხვდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტს ასად ჰასან ალ-შაიბანის და „მადლობა გადაუხადა სირიელ კოლეგას სირიის ხელმძღვანელობის საკმაოდ მკაფიო და ცალსახა პოზიციისთვის აფხაზეთთან სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების საკითხებში.“


საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" 2018 წელს აღიარა. "აფხაზეთის საელჩო" დამასკოში 2020 წელს გაიხსნა.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.

ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან წაიღეს. სირიაში ასადის 50-წლიანი მმართველობა გასული წლის დეკემბერში დასრულდა.


2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, რომლებიც არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში, სირიას მიმართა, გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. 


„ქართული ოცნების“ განცხადებით, თურქეთში მათი ლიდერების ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით. 18 ივნისს, პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თურქ კოლეგას - თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ფუატ ოქტაის შეხვდა.