„მნიშვნელოვანია ერთობლივად მოქმედება „შუა დერეფნისა“ და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ჰარმონიზაციისთვის“ - ერდოღანი სი ძინპინთან შეხვედრაზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა კვირას გამართულ შეხვედრაზე, შუა დერეფანი და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა, ასევე, სხვა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.


შეხვედრა ერდოღანის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა. ერდოღანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 25-ე შეხვედრაში მონაწილეობს.

შეხვედრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა „შუა დერეფნისა“ და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ჰარმონიზაციისთვის.


შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იყო ღაზაში ბოლო დროს შექმნილი ვითარება, რუსეთ-უკრაინის ომი და „სირიის განვითარებისკენ გადადგმული ერთობლივი ნაბიჯები.“  შეთანხმდნენ, რომ თურქეთსა და ჩინეთს შორის არსებული კონსულტაციებისა და თანამშრომლობის მექანიზმები რეგულარულად იმუშავებს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. ერდოღანმა განაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობა ინვესტიციებით უნდა იყოს მხარდაჭერილი, რათა დაცული იყოს მისი ბალანსი და მდგრადობა. ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისადმი ანკარის ერთგულებაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ერდოღანმა ასევე აღნიშნა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული განზომილება.