რუტე: ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები, ყველანი რუსების პირდაპირი საფრთხის ქვეშ ვართ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსული უახლესი სარაკეტო ტექნოლოგიების გამო, საფრთხე ემუქრებათ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთს პირდაპირ არ ესაზღვრებიან. ამის შესახებ რუტემ ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ბევრმა ქვეყანამ, მაგალითად ლუქსემბურგმა, გაზარდა თავდაცვის ხარჯები. როგორ უზრუნველყოფთ, რომ NATO-ს ყველა ქვეყანა ერთი და იგივე მიზნისკენ ისწრაფვოდეს, ერთი მიმართულებით მოძრაობდეს? ამ კითხვით მიმართა მედიამ რუტეს.


„ჩვენ ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ხარჯები გავათანაბროთ აშშ-ს ხარჯებთან. ვფიქრობ, რომ ალიანსის სიძლიერის შესანარჩუნებლად, უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი პარტნიორი არ ხარჯავდეს სხვებზე ბევრად მეტს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ რუსების მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.


ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები ამ საკითხში. შესაძლოა, ერთ დღეს, ეს ლუქსემბურგსაც და ჩემს ქვეყანასაც, ნიდერლანდებსაც, შეეხოს. ამჟამად, ყველანი უსაფრთხოდ ვართ, გვგონია, რომ რუსეთიდან შორს ვართ, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ და მაგალითად, უახლესი რუსული სარაკეტო ტექნოლოგია...


ლიეტუვასა და ლუქსემბურგს, ჰააგას, ან მადრიდს შორის სხვაობა ახლა ხუთიდან ათ წუთამდეა - ზუსტად ამდენი დრო სჭირდება რაკეტას, რომ მიაღწიოს ევროპის ამ ნაწილებს. ასე რომ, ჩვენ ყველანი რუსების პირდაპირი საფრთხის ქვეშ ვართ. ახლა ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ, ლონდონში ცხოვრობთ თუ ტალინში, განსხვავება აღარ არსებობს,“ - აღნიშნა რუტემ.


მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხო შეერთებულ შტატებს სჭირდება უსაფრთხო ატლანტიკური ოკეანე, უსაფრთხო ევროპა და უსაფრთხო არქტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ამერიკის შეერთებული შტატებიც რისკის ქვეშ აღმოჩნდება.