უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთი აგრესორად ტრამპმა პირველად მოიხსენია

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი აგრესორად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად მოიხსენია.

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ კვირაში ორივე ქვეყნიდან 8 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა. „ცოტა მეტი რუსეთისგან, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ.“

„არ ვიცი, იცით თუ არა ეს, მაგრამ ომში, როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდა.

„შვიდი ომი შევაჩერე და მეგონა, რომ ეს ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა,“ - განაცხადა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვის მიმართ პოზიცია მიმდინარე წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეიცვალა, რაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პუტინი ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე ვერ დაითანხმა. ტრამპი მანამდე უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის ქმედებების დაგმობაზე უარს აცხადებდა და უარყოფდა გაეროს იმ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს და მოსკოვის ნაბიჯებს გმობდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი აპროტესტებდა „დიდი შვიდეულის“ განცხადებასაც, სადაც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული.


„ზელენსკის და პუტინს შორის სიძულვილი განუზომელია. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ სუნთქვა არ შეუძლიათ. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ. ისინი ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებენ,“ - განაცხადა ტრამპმა.


კითხვას, შეიძლება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სამმხრივი სამიტი იყოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს.

„მოლაპარაკებები იქნება - სამიტს უწოდებთ თუ უბრალოდ შეხვედრას, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ალბათ, მე მომიწევს ჩართვა. მათ ერთმანეთი იმდენად სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ,“ - აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას მთავარ დაბრკოლებას მათ შორის პირადი ნეგატიური დამოკიდებულება უქმნის.

საერთაშორისო მედია მიუთითებს, რომ ტრამპმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთს აგრესორი უწოდა.