აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე უკრაინელი. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე კარგი ამბები ექნება.
“მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს. იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის,” - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის რუსეთის მიმართ რაღაცები გააკეთოს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც ევროპელები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ. ტრამპის თქმით, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გარიგებაზე წასვლა მოუწევს.
„ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ…
მზად ვარ, სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს,” - განაცხადა დონალდ ტრამპმა.