ტრამპი H-1B ტიპის სამუშაო ვიზებისთვის წლიურ, $100 000-იან გადასახადს აწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც H-1B სამუშაო ვიზებისთვის წლიურად, 100 000 დოლარის ოდენობის გადასახადს აწესებს. ამ დრომდე, H-1B ვიზებს სხვადასხვა ადმინისტრაციული საფასური მოჰყვებოდა, რაც ჯამში, დაახლოებით, 1500 აშშ დოლარს შეადგენდა.


აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ აშშ-ში კომპანიებს H-1B სამუშაო ვიზებისთვის წლიურად, 100 000 დოლარის გადახდა მოუწევთ და ამის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე მიიღეს.


„წელიწადში 100 000 დოლარი H-1B ვიზებისთვის და ყველა დიდი კომპანია ამას მხარს უჭერს. ჩვენ მათ უკვე ვესაუბრეთ,“ - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა.


ლუტნიკმა ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა, რომ „აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან დასაქმების მიზნით ხალხის ჩაყვანა შეწყვიტონ.“

„თუ სამუშაოსთვის ვინმეს მომზადებას აპირებთ, მაშინ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მოამზადეთ. ამერიკელები მოამზადეთ. შეწყვიტეთ უცხოელების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენს სამუშაო ადგილებს იკავებენ,“ - აღნიშნა ლუტნიკმა.


უცხოური მედია წერს, რომ ხსენებული გადაწყვეტილების შედეგად, ყველაზე მეტად აშშ-ის ტექნოლოგიური ინდუსტრია დაზიანდება, რომელიც ჩინეთიდან და ინდოეთიდან აშშ-ში ჩასულ მაღალკვალიფიციურ მუშახელზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. 


ცნობისთვის, H-1B სამუშაო ვიზა საშუალებას აძლევს ამერიკულ კომპანიებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სპეციალურ, მაღალკვალიფიციურ სამუშაოზე დროებით დასაქმონ. 


აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მონაცემები აჩვენებს, რომ მომდევნო ფისკალური წლისთვის, H-1B ვიზებზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით 359 000-მდე შემცირდა. სამთავრობო სტატისტიკის თანახმად, წინა ფისკალურ წელს პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარი Amazon-ი იყო, შემდეგ მოდიოდნენ ტექნოლოგიური გიგანტები Tata, Microsoft, Meta, Apple და Google.