უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანია მხარი დაუჭიროს სირიელ ხალხს სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე.
„მოლაპარაკებების დროს, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ და მე დეტალურად განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტიული სფეროები, საფრთხეები, რომელიც ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება და მათთან ბრძოლის მნიშვნელობა. შევთანხმდით, რომ ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ავაშენებთ,“ - წერს ზელენსკი, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში შეხვდა სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას.
წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავდა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სირიასთან, სადაც 2024 წლის დეკემბერში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობა დაემხო.
უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2022 წლის ივნისში გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადის ხელისუფლებამ აღიარა რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა."