ტრამპმა ერდოღანს რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ერდოღანს შეუძლია, არის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შეწყვეტა.“


„ორივე მათგანი [ზელენსკი და პუტინი] დიდ პატივს სცემენ პრეზიდენტ ერდოღანს. ყველა სცემს პატივს ერდოღანს… მგონია, რომ მას დიდი გავლენა შეუძლია, ჰქონდეს, თუ მოინდომებს. ახლა ის ძალიან ნეიტრალურია, მოსწონს ნეიტრალურად ყოფნა. მეც, ასევე, მინდა, ნეიტრალური ვიყო.


საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მას [ერდოღანს] შეუძლია, არის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შეწყვეტა. ამას თუ გააკეთებს, ეს სავარაუდოდ, საუკეთესო რამ იქნება. ის ისევე იცნობს პუტინს, როგორც მე…“ - განაცხადა ტრამპმა.


მან კიდევ ერთხელ განაცხადა,  რომ პუტინით იმედგაცრუებულია.

„მეგონა, რომ ეს [ომი] ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მოსაგვარებელი იქნებოდა, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. ის მძიმედ და დიდ ხანს იბრძვის, მათ მილიონი ჯარისკაცი დაკარგეს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მთელი მძიმე დაბომბვებით მათ თითქმის ვერანაირი ტერიტორიები ვერ მოიპოვეს. დაფიქრდით ამაზე. არასდროს არავის არ დავუძახებ “ქაღალდის ვეფხვს”, მაგრამ რუსეთმა მილიონობით და მილიონობით დოლარი დახარჯა ბომბებზე, რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე და სიცოცხლეებზე, თავის სიცოცხლეებზე, და თითქმის ვერანაირი ტერიტორიები ვერ მოიპოვეს. მგონია, რომ გაჩერების დროა,” - განაცხადა ტრამპმა.


მას ასევე ჰკითხეს, თუ როდის გააუქმებს აშშ თურქეთს სანქციებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ თუ დღეს კარგი შეხვედრა ექნებათ, ეს „თითქმის დაუყოვნებლივ“ მოხდება. ის ასევე ამბობს, რომ ისინი დღეს ტარიფებზე „ისაუბრებენ“. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში თურქული ექსპორტი ამჟამად ექვემდებარება 15%-იან საყოველთაო ტარიფს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნების უმეტესობას დაუწესა.