ზელენსკი: ომს თუ არ შეწყვეტენ, რუს მაღალჩინოსნებს თავშესაფრები დასჭირდებათ

„თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მათ თავშესაფრები დასჭირდებათ,“ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში გააკეთა.


„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინამ ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებს ანალოგიურად უპასუხოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინა აშშ-სგან დამატებით შორი რადიუსის შეიარაღებას მიიღებს, კიევი "მათ გამოიყენებს."


ზელენსკიმ ჟურნალისტ ბარაკ რავიდს განუცხადა, რომ მან ტრამპს ერთი კონკრეტული რამ - ახალი შეიარაღების სისტემა სთხოვა, რაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლას აიძულებს. ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის ლიდერმა მას უთხრა, რომ მისი ადმინისტრაცია "ამაზე იმუშავებს."


ზელენსკისთან სრული ინტერვიუ პარასკევს გამოქვეყნდება.