მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სანდუს პარტია ლიდერობს

მოლდოვის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 85%-ის დათვლის შედეგად, მოლდოვის მმართველმა პროევროპულმა "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PAS) 44.92% , ხოლო პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“ - 27,71% მიიღო.


ადგილობრივი დროით, საღამოს 9:00 საათისთვის 1.59 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა დაახლოებით 51,9%-ს შეადგენს. მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.


მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის “ (PAS) კონკურენტი, პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, „პატრიოტული ბლოკია“, რომლის ყველაზე დიდი პარტიის - „სოციალისტების“ - ლიდერი, იგორ დოდონი სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.


დასავლური მედია წერს, რომ მოლდოვის „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი კი, ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს.


28 სექტემბერს, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. მათ ბრალად ედებათ „მასობრივი დესტაბილიზაციისა და არეულობის მომზადება ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე და დედაქალაქში 29 სექტემბრის აქციასთან დაკავშირებით.“ მოლდოვის ხელისუფლების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან დნესტრისპირეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში დასაქმებულები.


  • „დაკავებისა და ჩხრეკის დროს „ამოღებულ იქნა“ რამდენიმე ნივთი, მათ შორის პიროტექნიკა და აალებადი ნივთიერებები, რომლებიც საზოგადოებაში პანიკის გამოსაწვევად და ქაოსის შესაქმნელად იყო გამიზნული,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოქალაქეებს მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს, რომ იყიდოს ასიათასობით ხმა დნესტრის ორივე ნაპირზე და საზღვარგარეთ. ამასთანავე, მოლდოვის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, „არ ჩააბარონ ქვეყანა უცხო ქვეყნის ინტერესებს.“