სანდუმ მოქალაქეებს მიმართა: რუსეთს მოლდოვაში თანამზრახველები ჰყავს

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოქალაქეებს მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს, რომ იყიდოს ასიათასობით ხმა დნესტრის ორივე ნაპირზე და საზღვარგარეთ. ამასთანავე, მოლდოვის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, „არ ჩააბარონ ქვეყანა უცხო ქვეყნის ინტერესებს.“


„რუსეთი თუ კონტროლს დაამყარებს მოლდოვაზე, ამას ექნება მყისიერი და საშიში შედეგები ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. თითოეული მოლდოველი დაზარალდება, მიუხედავად იმისა, თუ ვის მისცა ხმა,“ - განაცხადა მაია სანდუმ.


ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება. პუტინის საიდუმლო გეგმაზე დაწერა დღეს, 22 სექტემბერს Bloomberg-მა, რომელმაც შესაბამისი დოკუმენტები მოიპოვა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს გეგმით, რომლის მიზანია ქვეყანამ არ შეინარჩუნოს ევროკავშირში გაწევრების კურსი.


ამ დოკუმენტების თანახმად, კრემლის ტაქტიკაა საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოველი ამომრჩევლების მოსყიდვა, დესტრუქციული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის ფართომასშტაბიანი კამპანია.


Bloomberg-ის ინფორმაციით, კრემლში დამტკიცებული მრავალდონიანი სტრატეგიის მიზანია ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიის, „მოქმედების და სოლიდარობის“ გამარჯვების შანსს და ის ხელისუფლებას ჩამოაშოროს.


რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე სანდუმ 9 სექტემბერსაც ისაუბრა ევროპარლამენტში გამოსვლისას.


მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს ასევე ადანაშაულებდა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაშიც. 2024 წლის ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო (45%). საპარლამენტო არჩევნებისთვის პრორუსული ძალები მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალისტ იგორ დოდონის გარშემო შექმნილ „პატრიოტულ ბლოკში" არიან გაერთიანებულები. 


მოლდოვის ხელისუფლებამ 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მოქმედება პრორუსულად მიჩნეული ძალების მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციის ხელშემწყობთა და უკანონო დაფინანსების ფაქტების გამოსავლენად. მხოლოდ სექტემბრის დასაწყისიდან 300-ზე მეტი ჩხრეკა ჩატარდა და 20-მდე პირი დააკავეს.


შეგახსენებთ, 2023 წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ Europetime-ს ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.