ალიევი და ფაშინიანი ეგვიპტეში მშვიდობის სამიტს ესწრებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის სამიტს სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად ესწრებიან. ლიდერებმა შარმ-ელ-შეიხში გამართული მშვიდობის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. შეხვედრის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ერთვება საუბარში პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი. მან თქვა, რომ მოხარულია სომეხი და აზერბაიჯანელი ლიდერების საუბრის ხილვით. როგორც ცნობილია, სომხეთმა და პაკისტანმა დიპლომატიური ურთიერთობები სექტემბრის დასაწყისში დაამყარეს.


„სომხეთი და აზერბაიჯანი, ეს პატარა ომია, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ. შეხედეთ მათ. ისინი სხედან... როდესაც მე მათ შევხვდი, ეს ოვალურ კაბინეტში იყო. ისინი დაახლოებით 31 წელი იბრძოდნენ... ახლა კი, ისინი მეგობრები არიან და კარგად ეწყობიან ერთმანეთს. შეხედეთ. ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ორივეს. ეს წარმოუდგენელია. ნამდვილად წარმოუდგენელია,“ - ციტირებს Caliber.Az ტრამპის სიტყვებს.


შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ ერთობლივ ცერემონიაზე, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანსა და მის შემადგენელ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო დერეფნის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) შესახებ, რომელიც სომხეთზე გაივლის.


ასევე გამოქვეყნდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პარაფირებული სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი. მასში სომხეთი და აზერბაიჯანი უარს ამბობენ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებსა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. ტრამპი აცხადებს, რომ მეორე ვადის განმავლობაში მან მოახერხა რამდენიმე კონფლიქტის, მათ შორის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება.