მოლდოვისა და რუმინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები 20-დან 31 ოქტომბრამდე მოლდოვაში გაიმართება. ამის შესახებ NewsMaker-ი მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
წვრთნები 2025 წლის ეროვნული არმიის მომზადების გეგმის ნაწილია და ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ამ ფორმატში თანამშრომლობა 2009 წლიდან მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, სამხედროები წვრთნებს ეროვნული არმიის სასწავლო ცენტრებში ჩაატარებენ.
„სცენარის მიხედვით, სამხედროები სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან, გამძლეობისა და გუნდური მუშაობის წვრთნებს და სამხედრო სამედიცინო წვრთნებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, ოფიცრები, სერჟანტები და ჯარისკაცები პარაშუტით ხტომას შეასრულებენ - როგორც ბაგირით, ასევე, თავისუფალი ვარდნით - MC-6/T11R, Safire და Sigma სისტემების გამოყენებით,“ - იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ წვრთნები ეროვნული არმიის 2025 წლის ყოველწლიური წვრთნების გეგმის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნები „Storm Strike 2025“ დაიწყეს. ამავდროულად, იმავე დღეს დაიწყო NATO-ს ბირთვული შეკავების წვრთნები „Steadfast Noon 2025.“