აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსმა, ჯონ რეტკლიფმა თქვა, რომ რუსეთმა და ირანმა ამერიკელი ამომრჩევლების ნაწილის სარეგისტრაციო ინფორმაცია მოიპოვეს.
მოპარული ინფორმაცია მათ რეგისტრირებული ამომრჩევლებისათვის ყალბი ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენეს. მიზანს ქაოსის შექმნა და აშშ-ს არჩევნების და დემოკრატიისადმი რწმენის შერყევა წარმოადგენდა.
მისივე თქმით, ირანი დგას დემოკრატი ამომრჩევლებისათვის გაგზავნილი ელექტრონული წერილების უკან, რომელთა მიზანს მათი დაშინება წარმოადგენდა. ისინი თავს ტრამპის მხარდამჭერ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფად აჩვენებდნენ და ცდილობდნენ არეულობა წაეხალისებინათ.
"არჩევნების დღეს ხმას მისცემ ტრამპს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგაკითხავთ", "შეიცვალე პარტია, გახდი რესპუბლიკელების მხარდამჭერი, გაგვაგებინე, რომ მიიღე ჩვენი გზავნილი და დაემორჩილები" - ნათქვამი იყო წერილებში.
აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მსგავსი ქმედებები არ განუხორციელებია რუსეთს, თუმცა იციან, რომ მოპარული ინფორმაცია მათაც აქვთ. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ მოიპოვეს რუსეთმა და ირანმა ეს ინფორმაცია. ზოგიერთ შტატში ამომრჩევლების სარეგისტრაციო ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, სხვა შტატებში კი მისი გამოთხოვა მხოლოდ კონკრეტულ პირებს განსაზღრული მიზნებისათვის შეუძლიათ. აშშ-ს დაზვერვა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა ტიპის ინფორმაცია მოიპოვა რუსეთმა და ირანმა.
"თუ თქვენ მიიღებთ შემაშინებელ ან მანიპულაციურ გზავნილს ელექტრონულ ფოსტაზე, ნუ შეშფოთდებით და ნუ გაავრცელებთ მას". - მიმართა დაზვერვის უფროსმა ამომრჩევლებს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, კრისტოფერ ვრაის თქმით, აშშ-ს საარჩევნო სისტემა კვლავ უსაფრთხო და გამძლეა.
რეტკლიფმა განცხადება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 13 დღით ადრე გააკეთა.
რუსეთმა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც სცადა ჩარევა. მაშინ ე.წ. ტროლების ქარხნებმა ათასობით ყალბი ანგარიში შექმენს, თავს ამერიკელ ამომრჩევლებად აჩვენებდნენ და დაპირისპირების წამახალისებელ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ჰაკერული თავდასხმა მოხდა დემოკრატიული პარტიის სისტემებზეც.