სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრა ერთ საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა. 30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ არცერთ ლიდერს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებია. მოლაპარაკების დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან წარმატებულ შეხვედრას მოელის, სი ძინპინმა კი თქვა, რომ აშშ და ჩინეთი მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ.
აშშ-ის ლიდერის თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ.
„საერთო ჯამში, ნულიდან 10-მდე შკალის მიხედვით, სადაც 10 საუკეთესოა, ვიტყოდი, რომ შეხვედრა 12-ზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, რომ მთელი ურთიერთობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც კარგი იყო,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
მოლაპარაკების წინ გავრცელებული ცნობებით, დონალდ ტრამპს და სი ძინპინს შეთანხმების დეტალებზე უნდა ემსჯელათ, რომელთა თანახმად, ჩინეთმა ერთი წლით უნდა გადაავადოს იშვიათ მიწათა მეტალების ექსპორტის შეზღუდვა, განაახლოს ამერიკული აგრარული პროდუქციის შეძენა და მიმართოს მცდელობებს შეერთებულ შტატებში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უარი უნდა თქვას ჩინური პროდუქციის იმპორტისთვის 100%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებაზე.
ვაშინგტონისკენ მიმავალმა ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საოცარი“ შეხვედრისას ის და სი ძინპინი თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ.
დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთი განაახლებს ამერიკული აგრარული პროდუქციის იმპორტს, ბარიერებს აღარ შეუქმნის იშვიათ მიწათა ელემენტების ექსპორტს და მიიღებს ზომებს აშშ-ში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად. მისი თქმით, „ჩინეთი დათანხმდა, რომ ამერიკული ენერგორესურსების შეძენის პროცესს დაიწყებს.“
„შესაძლოა, ალასკიდან ნავთობისა და გაზის შეძენის შესახებ მასშტაბური შეთანხმება მოხდეს. ჩვენი გუნდები მსგავსი შეთანხმების შემუშავების შესახებ შეხვედრას გამართავენ. დღეს მიღწეული შეთანხმებები მილიონობით ამერიკელს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
თავის მხრივ, აშშ შეამცირებს ჩინური პროდუქციის იმპორტის საბაჟო გადასახადს. ამერიკული მედიის ცნობით, ტარიფი 57%-დან 47%-მდე შემცირდება.
ტრამპის განცხადებით, აშშ და ჩინეთი ერთად იმუშავებენ უკრაინის საკითხზეც. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, იმის სანახავად, შეძლებენ თუ არა ამ ომის დასრულებას.
„სი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე. ბევრი მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია,“ - აღნიშნა ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ მომავალი წლის აპრილში ჩინეთს ვიზიტით ეწვევა.
ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუას“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურმა ჯგუფებმა ღრმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს კონსენსუსს პრობლემების მოსაგვარებლად. მისივე თქმით, მხარეები მომავალშიც კონცენტრირებული უნდა იყვნენ გრძელვადიან მომგებიან თანამშრომლობაზე და არ უნდა მოხვდნენ საპასუხო ზომების საზიანო წრეში.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი და აშშ პარტნიორები და მეგობრები უნდა იყვნენ და მზად არის დონალდ ტრამპთან გააგრძელოს მუშაობა, რათა ორივე ქვეყნის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას.
ცნობისთვის, BBC წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი, ექვსი წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, რამაც მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბულობის დეესკალაციის იმედი გააჩინა. ტრამპმა სამხრეთ კორეაში გამართულ მოლაპარაკებებს „გასაოცარი“ უწოდა, პეკინმა კი, განაცხადა, რომ მათ „ძირითადი სავაჭრო საკითხების“ გადასაჭრელად კონსენსუსს მიაღწიეს. ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება დაიწყო, რასაც პეკინმა საკუთარი ტარიფებით უპასუხა. მხარეები მაისში ზავზე შეთანხმდნენ, თუმცა დაძაბულობა მაღალი დარჩა.
ხუთშაბათის მოლაპარაკებებს ოფიციალური შეთანხმება არ მოჰყოლია, მაგრამ განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან - რომლის დეტალებიც დიდი ხანია, კულისებში მოლაპარაკებების საგანია.