ევროკავშირის დამკვირვებლები სომხეთში, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე დარჩებიან

ევროკავშირის დამკვირვებლები სომხეთში დარჩებიან, ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ ორბელის ფორუმზე განაცხადა. ფაშინიანმა დასძინა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერისა და მისი რატიფიკაციის შემდეგ, ფორმატში ცვლილებები იქნება და სომხეთი ამ საკითხზე უფრო არსებით დისკუსიებს გამართავს ევროპელ პარტნიორებთან.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროექტ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების მნიშვნელობას.

„ეს უკვე გარანტიაა იმისა, რომ ეს პროექტი არამხოლოდ განხორციელდება, არამედ, თანამედროვე ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცევა, რომელიც ქვეყნებს შემოსავალს, უსაფრთხოებას და სტაბილურობას მოუტანს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.