ირლანდიური მედიის ცნობით, 4 დეკემბერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიასთან ახლოს, როდესაც ის ამ კვირის დასაწყისში ირლანდიაში ჩავიდა, უცნობი დრონები შენიშნეს. ინფორმაცია დრონების შესახებ ჟურნალისტებს დაუდასტურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა. მისი თქმით, ინციდენტს ზელენსკის ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია.
„უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მასპინძელი მხარე. მათი მონაცემებით, ასეთი დრონები მართლაც არსებობდა, მაგრამ ამას ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია და რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია,“ - აღნიშნა ლიტვინმა.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაშვებამდე უცნობი დრონები აედევნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დრონი იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდა, რასაც თვითმფრინავი, რომლითაც ზელენსკი მგზავრობდა და თვითმფრინავი დაგეგმილზე ოდნავ ადრე დაეშვა. ამასთან, მოგვიანებით იგივე დრონებმა წრე დაარტყეს ირლანდიის საზღვაო ძალების გემს, რომელიც ზელენსკის ვიზიტამდე ფარულად გაგზავნეს ირლანდიის ზღვაში. მომხდართან დაკავშირებით, ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ.
ზელენსკი ირლანდიაში ვიზიტით პირველ დეკემბერს, ღამით ჩავიდა, ოფიციალური შეხვედრები და პრესკონფერენცია კი მას 2 დეკემბერს ჰქონდა. 4 დეკემბერს ინფორმაცია პირველმა გაავრცელა ირლანდიურმა გამოცემა The Journal-მა. მისი ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა განრიგით დადგენილ დროზე ცოტა ხნით ადრე, სულ მალე კი, დრონები აღმოჩნდნენ საჰაერო სივრცის იმ ნაწილში, სადაც ზელენსკის თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო. ინციდენტი BBC-ს დაუდასტურეს წყაროებმა ირლანდიის მთავრობაში. ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.