NATO-ს გენმდივანი: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ, მოქმედების დროა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO-ს თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, „ზოგიერთი სასწრაფო რეაგირების აუცილებლობას არ გრძნობს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული საფრთხეების გათვალისწინებით, ახლა მოქმედების დროა.


„დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ თუ რა პოზიციაშია NATO და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით“, - განაცხადა რუტემ.


„ძალიან ბევრი თვითკმაყოფილებას იჩენს. ახლა კი, მოქმედების დროა. მოკავშირეთა შორის თავდაცვის ხარჯები და წარმოება სწრაფად უნდა გაიზარდოს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ის საშუალებები უნდა ჰქონდეთ, რაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია,“ - აღნიშნა რუტემ.


რუტეს თქმით, რუსეთი NATO-სა და უკრაინის მიმართ „კიდევ უფრო დაუდევარი და სასტიკი გახდა.“

„ცივი ომის დროს პრეზიდენტი რეიგანი ბოროტების იმპერიის მისწრაფებების შესახებ გვაფრთხილებდა. დღეს, პრეზიდენტი პუტინი კვლავ იმპერიის მშენებლობის პროცესშია. მსოფლიო ისტორიის შესახებ თავისი დამახინჯებული შეხედულებით, პუტინს სჯერა, რომ მის ძალაუფლებას ჩვენი თავისუფლება საფრთხეს უქმნის და ჩვენ რუსეთის განადგურება გვსურს,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.


რუტეს თქმით, 2029 წლისთვის თავდაცვისთვის დაახლოებით 152 მილიარდი დოლარია დაგეგმილი, რაც მშპ-ს 3.5 პროცენტს შეადგენს. გერმანია ევროპაში წამყვანი და ალიანსში მამოძრავებელი ძალაა, მისი ლიდერობა კი, აუცილებელია კოლექტიური თავდაცვისთვის.


„კონფლიქტი ჩვენს კარს მოგვადგა. რუსეთმა ომი ევროპაში დააბრუნა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა ან დიდმა ბებია-ბაბუებმა გადაიტანეს,“ - აღნიშნა რუტემ.