აშშ მზადაა, უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Axios

Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც კენჭისყრაზე გამოიტანენ კონგრესში და იურიდიულად სავალდებულო ძალა ექნება.


წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი იქნება.

„გვსურს, უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც ერთი მხრივ, თავისუფალი მოქმედების აღმნიშვნელი არ იქნება, ხოლო მეორე მხრივ, საკმარისად ძლიერი იქნება. მზად ვართ, ეს კენჭისყრისთვის კონგრესს გადავუგზავნოთ,“  - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

„ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი იმით დასრულდება, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიის 80%-ზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, ყველაზე ძლიერ უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს, რაც კი ოდესმე მიუღია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვან აღდგენის პაკეტს მიიღებს,“ - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

Axios-ის ინფორმაციით, ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება.


ცნობისთვის, მეხუთე მუხლი 1949 წლიდან არსებობს. ვაშინგტონში, 12 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების დაცულობის მთავარი გარანტია და სწორედ ეს მუხლი განაპირობებს ალიანსის გაფართოებას: 

„მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან მეტ მათგანზე [ქვეყანაზე] ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, უნდა იქნეს განხილული, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე. შესაბამისად, ისინი თანხმდებიან, რომ ასეთი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, თითოეული მათგანი, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, დაეხმარებიან თავდასხმის სამიზნე მხარეს ან მხარეებს, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვებთან კოორდინაციით, ისეთი ქმედებებით, რაც მიჩნეულ იქნება საჭიროდ, მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენებით, რათა აღდგენილ და შენარჩუნებულ იქნეს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება.“