აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრ კრისტი ნოემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამის შეჩერების ბრძანება გასცა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამ პროგრამამ მისცა აშშ-ში ჩასვლის საშუალება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.
როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსის პოლიციის უფროსის ოსკარ პერესის თქმით, ეჭვმიტანილი, პორტუგალიის მოქალაქე კლაუდიო ნევეშ ვალენტე თავდაპირველად აშშ-ში სტუდენტური ვიზით 2000 წელს შევიდა, ხოლო 2017 წელს მუდმივი რეზიდენტი გახდა. ვალენტე ხუთშაბათს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.
ნოემის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, „დაუყოვნებლივ“ მიემართა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურისთვის, შეეჩერებინათ „კატასტროფული“ პროგრამა, რათა მისი საშუალებით მეტი ამერიკელი არ დაზარალდეს.
„ეს საზიზღარი ადამიანი არასდროს უნდა შემოეშვათ ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ნოემმა ეჭვმიტანილის შესახებ.
"მწვანე ბარათი" - ოფიციალურად მუდმივი რეზიდენტის ბარათია, რომელიც მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. "მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზების" პროგრამა 1990 წლიდან მოქმედებს და მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს. ყოველწლიური გათამაშების საფუძველზე 50 000-მდე საიმიგრაციო ვიზა გაიცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, საიდანაც შეერთებულ შტატებში იმიგრაციის დაბალი მაჩვენებელია. "მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზების" პროგრამის (DIVP) გათამაშების გამარჯვებულები ვიზების მიღებამდე სტანდარტულ შემოწმებას და საკონსულო გასაუბრებას გადიან.