რომელია ხუთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში

კონფლიქტებით სავსე წელს, ხუთი ქვეყანა კვლავაც მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებს შორისაა. BBC-ის ცნობით, 2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის (GPI) მიხედვით, სახელმწიფოებრივი კონფლიქტების რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, მხოლოდ წელს, კიდევ სამი კონფლიქტი დაიწყო, რაზეც ბევრი ქვეყანა გაზრდილი მილიტარიზაციით რეაგირებს.


2008 წლიდან პირველ ადგილზე მყოფი ისლანდია კვლავაც ყველაზე მშვიდობიანად რჩება, ლიდერობს სამივე სფეროში: უსაფრთხოება, მიმდინარე კონფლიქტი და მილიტარიზაცია. მან წელს 2%-იანი გაუმჯობესებაც კი დააფიქსირა, რამაც სიაში მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანასთან შედარებით სხვაობა გაზარდა.


მეორეა ირლანდია, რომელმაც განსაკუთრებით მაღალი ქულები მიიღო მილიტარიზაციის შემცირებისთვის წლიდან წლამდე და დასახელდა ერთ-ერთ ქვეყნად, რომელსაც ყველაზე ნაკლები მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტი აქვს. ის ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივ, დანაშაულისა და ძალადობის დაბალი აღქმით,  ტოპ 10 ქვეყანას შორის მოხვდა.


ახალი ზელანდია მესამე ადგილზეა - უსაფრთხოებისა და დაცვის სფეროში გაუმჯობესების, ასევე, დემონსტრაციებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული ზემოქმედების შემცირების შედეგად, წელს ორი პოზიციით წინ წავიდა.  


ავსტრია წელს მეოთხე ადგილზეა, ის ერთი პოზიციით დაქვეითდა, თუმცა ამ ქვეყანამ ყველა სფეროში მაღალი რეიტინგი მაინც შეინარჩუნა. ირლანდიის მსგავსად, ავსტრიაც კონსტიტუციით დაკისრებულ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ირჩევს, რაც მას NATO-ს მსგავს სამხედრო ალიანსებში გაწევრიანების საშუალებას არ აძლევს.


სინგაპურის ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც მეექვსე ადგილზეა, ერთადერთი აზიური ქვეყანაა ტოპ ათეულში (იაპონია და მალაიზია, შესაბამისად, მე-12 და მე-13 ადგილებზე არიან). ის განსაკუთრებით მაღალ ადგილზეა უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო ხარჯების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეს ინარჩუნებს - რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა და კატარი უსწრებენ.


  • 2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, ტოპ 10 ქვეყანა:
    1. ისლანდია
    2. ირლანდია
    3. ახალი ზელანდია
    4. ავსტრია
    5. შვეიცარია
    6. სინგაპური
    7. პორტუგალია
    8. დანია
    9. სლოვენია
    10. ფინეთი