„რთული საკითხები“ კვლავ რჩება - მარ-ა-ლაგოს შეხვედრის დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა. ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში პროგრესია, თუმცა „რთული საკითხები“ კვლავ რჩება.


„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ,“ - აღნიშნა ტრამპმა ზელენსკისთან მარ-ა-ლაგოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ახლა უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან.


„ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ვუახლოვდებით, შესაძლოა ძალიანაც,“ - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა: „ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში.“


ასევე ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება.

მან უარი თქვა შეთანხმებული პირობების პროცენტული მაჩვენებლის დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ის შეიძლება, 95%-ს მიუახლოვდეს.


მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები „შესანიშნავად“ შეაფასეს, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მთავარი საკამათო საკითხი,  ტერიტორიის საკითხი იყო. რუსეთმა ადრე მოითხოვა უკრაინისგან მეტი მიწის გადაცემა.


„ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას. და ეს დიდი საკითხია.“ რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი საკითხია [დონბასის რეგიონი] და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ,“ - განაცხადა ტრამპმა.


ტრამპმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ნდობის გამოხატვისას, ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ძალიან რთულია და უარი თქვა მათი გადაწყვეტის ზუსტი ვადების დასახელებაზე.

„ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში გავიგებთ - ასე თუ ისე,“ - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.


მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „90%-ზე“ შეთანხმდნენ, ხოლო ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტია „თითქმის 95%-ით“ შესრულებულია. ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ აშშ-ის და უკრაინის გუნდები მომავალ კვირას შეხვდებიან უკრაინაში რუსეთის თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისკენ მიმართულ საკითხებზე შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.


წინადადება იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონი, რომელსაც ძირითადად რუსეთი აკონტროლებს, დემილიტარიზებულ ზონად გადაკეთდეს, „გადაუჭრელი რჩება.“ ამჟამად მოსკოვი აკონტროლებს დონეცკის რეგიონის დაახლოებით 75%-ს და მეზობელი ლუგანსკის დაახლოებით 99%-ს. რეგიონები ერთობლივად დონბასის სახელითაა ცნობილი. 


ზელენსკიმ ტერირორიულ საკითხზე საუბრისას დღეს განაცხადა, რომ უკრაინას დონბასთან დაკავშირებით რუსეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

კერძოდ, ზელენსკის აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონის შესახებ ჰკითხეს.


„პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს. ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას...რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მკაფიოა. ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ეს ძალიან რთული კითხვაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.


ზელენსკის თქმით, გუნდებმა დღეს განიხილეს „სამშვიდობო ჩარჩოს ყველა ასპექტი“ და დასძენს, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „90% შეთანხმებულია.“

მისივე განცხადებით, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით შეთანხმებულია.


„ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები მდგრადი მშვიდობის მიღწევის მთავარი ეტაპია და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა ასპექტზე,“ - აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.


რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.