უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს „რაიმე სახის ოპერაციით“, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად, ისევე როგორც ეს ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა.
ჟურნალისტებთან კომენტარში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადუროს გადაყენების ოპერაციამ აჩვენა, რომ ვაშინგტონს აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს მოსკოვზე, თუ მას ნამდვილად სურს ეს და რომ კადიროვის გადაყენება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე მიმდინარე შეტევის შესახებ დააფიქრებს.
„რუსეთზე უნდა მოახდინონ ზეწოლა. ინსტრუმენტები გააჩნიათ, შეუძლიათ. როდესაც ძალიან უნდათ, შეუძლიათ, იპოვონ. მთავარია, რომ უკრაინა იყოს მათთვის პრიორიტეტი…
აი, მადუროს მაგალითი. ჩაატარეს ოპერაცია. შედეგი ყველამ ნახა, მთელმა მსოფლიომ. სწრაფად გააკეთეს ეს. დაე, რაღაც ოპერაცია ჩაატარონ კადიროვთან, ამ მკვლელთან. იქნებ, მაშინ პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.