გერმანული საერთაშორისო სკოლის 29 მოსწავლე წელიწადში 4000 ევრომდე გადასახადს იხდიდა, თუმცა მოსწავლეთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ იყო

გერმანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლის მშობელმა იანა ბიკოვა-ღუღუნიშვილმა, რომელმაც სკოლას 65 ათას ლარზე მეტი გადაუხადა, 5 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი შვილი განათლების სამინისტროს მოსწავლეთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ იყო.

როგორც Europetime-ს იანა ბიკოვა-ღუღუნიშვილმა აცნობა, მისი შვილი უკვე მე-6 კლასში იყო, როდესაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ის განათლების სამინისტროს EMIS-ის რეესტრში არ ფიქსირდებოდა.

ბიკოვას თქმით, მისი შვილის მსგავსად, მოსწავლეთა ერთიან ბაზაში არ აღმოჩნდა აღნიშნული სკოლის კიდევ 29 მოსწავლე. მშობელმა აღნიშნული დარღვევის შესახებ, განათლების სამინისტროს აცნობა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კომისია, მონიტორინგის მიზნით, 2020 წელს სკოლაში შევიდა, 2020 წლის 26 დეკემბერს კი სკოლის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

აღნიშნული დასკვნა Europetime-მ მოიპოვა. დასკვნის თანახმად, ირკვევა რომ თბილისში მდებარე გერმანულ საერთაშორისო სკოლაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეების ჩარიცხვა-ამორიცხვის შესახებ ბრძანება არ იწერება. მოსწავლეების სკოლაში სწავლის ერთადერთი მტკიცებულება, სკოლის მეილზე მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მიმოწერაა.

„2020 წლის 9-11 სექტემბრის მონაცემებით, 29 მოსწავლე, რომელიც რეგისტრირებულია სკოლის შიდა ბაზაში, არ არიან რეგისტრირებულნი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. აღნიშნული 29 მოსწავლიდან 2 მოსწავლე მიღებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, 5 წლის ასაკში“, - წერია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ სააგენტოს დასკვნაში.

როგორც Europetime-ს სააგენტოში განუცხადეს, გერმანული საერთაშორისო სკოლის საქმე ბოლომდე არ დასრულებულა და ჯერ ისევ განიხილება. აღმოჩენილი დარღვევების გამოსასწორებლად, სკოლის ადმინისტრაციას 60 დღის ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ, საკითხს ხელახლა განიხილავენ.

იანა ბიკოვამ გერმანულ სკოლას სასამართლოშიც უჩივლა და სხდომის ჩანიშვნას ელის. დაზარალებული მოსწავლის მშობლის ცნობით, პრობლემა 2020 წლის ივლისში აღმოაჩინა, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, მე-6 კლასიდან შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა გადაწყვიტა,კერძო სკოლა „ლოგოსში“

„ლოგოსში“ ბავშვმა მისაღები გამოცდა ჩააბარა, სკოლაში მიიღეს და კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. დაველოდეთ სასწავლო წლის დაწყებას. რამდენიმე დღეში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ რაღაც ხდება და ჩემი შვილი მოსწავლეთა ერთიან ბაზაში არ იძებნება. თვითონაც გაოცებულები იყვნენ. მითხრეს გერმანულ სკოლასთან გამერკვია, რატომ შეიქმნა პრობლემა. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, ნებისმიერი მოსწავლე EMIS-ის რეესტრში დაარეგისტრიროს. აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი და კიდევ 29 ყოფილი და ახლანდელი მოსწავლე EMIS-ის რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

სკოლაში სადაც, ჩემი შვილის განათლებისთვის, ყოველწლიურად ვიხდიდი საშუალოდ 4000 ევროს, აღმოჩნდა რომ ჩემი შვილი არაოფიციალურად სწავლობდა. შესაბამისად, მის მიერ მიღებული განათლება და შეფასებები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სკოლასთან საუბრისას გაირკვა, რომ ხუთი წელია, მოსწავლის განათლების უფლებასა და თავისუფლებას თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა უხეშად არღვევს. ერთი შეხედვით, გერმანული სკოლა სწორედ, ასეთი ჩანდა: ორმაგი - გერმანიისა და საქართველოს აკრედიტაცია/ავტორიზაცია, ადმინისტრაციის დაპირებები - საუკეთესო გერმანელი და ქართველი პედაგოგები, კარგად გამართული ინფრასტრუქტურა… სწორედ ამიტომ მივიყვანე ჩემი შვილი და ამიტომ ვიხდიდი ამხელა თანხას. საბოლოოდ, ყველაფერი ფასადური აღმოჩნდა, რადგან სკოლამ უხეშად დაარღვია ჩემი შვილის განათლების მიღების და მშობლის კანონიერი ნდობის პრინციპები!“, - განუცხადა Europetime-ს იანა ბიკოვამ.

დაზარალებული მშობელი სკოლასთან ურთიერთობის დაწყების დეტალებს იხსენებს და სკოლის ფინანსურ სქემაზე საუბრობს, რომლის გამოც, მისი შვილი განათლების სისტემის გარეთ აღმოჩნდა, როგორც არაოფიციალური მოსწავლე.

"გერმანულ სკოლასთან ჩემი ოჯახის თანამშრომლობა 6 წლის წინ დაიწყო, როცა ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბავშვი აღნიშნული სკოლის საბავშვო ბაღში შევიყვანეთ. სკოლაში მისვლის დრო, რომ მოვიდა, ბავშვი ჯერ არ იყო ექვსი წლის, ორ კვირაში ხდებოდა, ამიტომ მიღებაზე უარი გვითხრეს, კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ მივიღებთ ექვსი წლის ჯერ არ არისო. გადავწყვიტეთ მომავალ წელს დავლოდებოდით. თუმცა რამდენიმე ხნის მერე, სკოლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, გამონაკლისის სახით მიიღებდნენ, რადგან ერთი 5 წლის მოსწავლე უკვე მიღებული ჰყავდათ. რა თქმა უნდა, გაგვიხარდა და ბავშვი სკოლაში მივიყვანეთ. სკოლასთან კონტრაქტი მეხუთე კლასამდე გავაფორმეთ. პრობლემები სწორედ მეხუთე კლასში დაიწყო. ჩემი შვილის კლასში ჩატოვებას ცდილობდნენ, მათემატიკაში, როცა კომაროვში დამყავდა და იქ რომ ვიკითხე, მითხრეს რომ შეუძლებელი იყო ბავშვი მათემატიკაში ჩაჭრილიყო. მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაც ხდებოდა და ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა გადავწყვიტე“, - აღნიშნავს მშობელი.

როგორც Europetime-ს აღნიშნული მოსწავლის ერთ-ერთმა ახლობელმა უამბო, კლასში ჩატოვების წინასწარგანზრახული მიზნით, მასწავლებლების დამოკიდებულების გამო, ბავშვი იმდენად დაითრგუნა და თვითშეფასება იმდენად დაუქვეითდა, საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა დაიწყო.

„ჩემი ვარაუდით ერთგვარი სქემა ჰქონდათ. ბაზაში არ არეგისტრირებდნენ ისეთ მოსწავლეებს, ვისზეც იცოდნენ, საქართველოში დროებით ცხოვრობდა. ჩემი შვილი მეორე კლასში იყო, როცა აღმოაჩინეს, რომ საქართველოს მოქალაქეობაც აქვს, სამშობლოში საცხოვრებლად საბოლოოდ დავბრუნდით და წასვლას აღარსად ვაპირებთ. სკოლის ადმინისტრაცია მაშინვე მოთხოვნით შესულა განათლების სამინისტროში, ერთი წლის დაგვიანებით, ჩემი შვილის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირება უცდიათ, რაზეც სამინისტრომ უარი განუცხადა. იმის მაგივრად, რომ ეს ამბავი ჩემთვის ეთქვათ და შეცდომა ეღიარებინათ, დამატებით ოთხი წელი მახდევინებდნენ სწავლის საფასურს 4000 ევრომდე, ისე, რომ ჩემი შვილი განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულიმოსწავლე არ იყო.

ბავშვი მეოთხე კლასში იყო, როცა ძველ დირექტორს კონტრაქტი ამოეწურა, პრობლემა ახალ დირექტორს გადააბარა, ისიც გაჩუმდა და გადაწყვიტა ჩემი შვილის მეხუთე კლასში ჩატოვებით გამოესწორებინა შეცდომა. მე რომ სხვა სკოლაში გადაყვანა მოვისურვე, მიხვდნენ რომ ვეღარაფერს დამალავდნენ. დახმარების თხოვნით სამინისტროს მივმართე. სამინისტროში მითხრეს, რომ მე-6 კლასში ვერ დაარეგისტრირებდნენ, რადგან პირველ კლასში სასწავლო წლის დაწყებისას ჯერ 6 წლის არ იყო. ვთხოვე, გამონაკლისი დაეშვათ, მაგრამ უარი მითხრეს, 2020 წლის ოქტომბერში შეიყვანეს მოსწავლეთა ერთიან ბაზაში, როგორც მე-5 კლასის მოსწავლე. „ლოგოსშიც“ მე-5 კლასში აიყვანეს, რადგან მე-6 კლასელთა ბაზაში არ იყო. ჩემი შვილი დღემდე ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა“, - აღნიშნავს დაზარალებული მოსწავლის მშობელი იანა ბიკოვა-ღუღუნიშვილი.

Europetime გერმანულ საერთაშორისო სკოლასაც დაუკავშირდა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა ასევე გერმანიის საელჩომ.

აღსანიშნავია რომ 15 მარტს განათლების სამინისტრომ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), საგანმანათლებლო ისტორია არ აქვს და აღნიშნული მოსწავლეები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში არ არიან.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის აღნიშნული მოსწავლეების სიტემის გარეთ დარჩენის კონკრეტული მიზეზები. ასევე არ არის დაკონკრეტებული 10 404 მოსწავლეში შედიან თუ არა კერძო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც სკოლამ EMIS-ის რეესტრში არ დაარეგისტრირა.