აშშ ტოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ამ ორგანიზაციების წევრობა აღარ ემსახურება აშშ-ის ინტერესებს. 66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს ეგიდით საქმიანობს.


აშშ ტოვებს გაეროს ეგიდით მოქმედ ისეთ სტრუქტურებს, როგორებიცაა დემოკრატიის ფონდი, საერთაშორისო სამართლის კომისია, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს, მშვიდობის მშენებლობის ფონდი და ა.შ.


აშშ ტოვებს ვენეციის კომისიასაც - კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს. ჩამონათვალშია უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრიც - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეჩერება.


66-ვე ორგანიზაცია ჩამოთვლილია პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში, რომელიც თეთრი სახლის საიტზე 7 იანვარს გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტით დონალდ ტრამპი აღმასრულებელ დეპარტამენტებსა და სააგენტოებს ავალებს ზომების მიღებას 66 ორგანიზაციის დასატოვებლად.


აშშ-ის პრეზიდენტი მემორანდუმში აღნიშნავს, რომ 2025 წლის 4 თებერვალს გასცა გაეროს სისტემაში არსებული და ზოგიერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებისა და მათი დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო მდივანს დაავალა მიმოხილვის მომზადება გაეროში აშშ-ის წარმომადგენელთან კონსულტაციით. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა დასკვნები წარმოადგინა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან განხილვა გაიმართა, პრეზიდენტმა ტრამპმა მიიჩნია, რომ ამ 66 ორგანიზაციის წევრად დარჩენა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რუბიოს ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც. რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციები, რომელთა დატოვებასაც შეერთებული შტატები გეგმავს, აქტიურად ცდილობენ ამერიკის სუვერენიტეტის შეზღუდვას. რაც შეეხება გაეროს ორგანიზაციებს, აშშ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს, საერთაშორისო სამართლის კომისიას, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრს, მშვიდობის მშენებლობის ფონდს, დემოკრატიის ფონდსა და მოსახლეობის ფონდს ტოვებს.