ვენესუელაში „დიდი რაოდენობით“ პატიმრების გათავისუფლების შესახებ განაცხადეს

ვენესუელის მთავრობამ დაიწყო იმ პატიმრების გათავისუფლება, რომელთაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. 

პატიმრების გათავისუფლების შესახებ ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხორხე როდრიგესმა, დროებითი პრეზიდენტის ძმამ განაცხადა. მისი თქმით, „მშვიდობიანი თანაარსებობის მიზნით, ვენესუელის მოქალაქეების და უცხოელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.“


როდრიგესმა არ დააკონკრეტა, ვინ ან რამდენი პატიმარი გათავისუფლდება. ხორხე როდრიგესი მადუროს მმართველობის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად არის მიღებული და სხვა რომელიმე მხარესთან არ იყო შეთანხმებული.


ვენესუელის ხელისუფლებამ 8 იანვარს გამოაცხადა, რომ ციხეებიდან ათავისუფლებს „დიდი რაოდენობის“ პატიმრებს, მათ შორის უცხოელებს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა სპეციალური ოპერაციის დროს ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს.


მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მზადაა, როდრიგესს ქვეყნის მართვის უფლება მისცეს, თუ კარაკასი ვაშინგტონთან ითანამშრომლებს და ვენესუელის ნავთობის უხვ მარაგზე წვდომის საშუალებას მისცემს. ეს პატიმრების გათავისუფლების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც მადუროს ყოფილი მოადგილე, დელსი როდრიგესი, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დამტკიცდა. 


როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გათავისუფლდა ესპანეთის ხუთი მოქალაქე, მათ შორის, რომელთაგან ერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არის უფლებადამცველი როსიო სან მიგელიც.


მედიის ცნობით, ვენესუელის ციხეებში ასობით პოლიტიკური პატიმარია, რომელთაგან ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმეა გათავისუფლებული. ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აშშ-ის დიდი ხნის მოთხოვნა იყო.


ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Foro Penal-ის ცნობით, ციხეში 806 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება.