ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად

დონალდ ტრამპი აცხადებს, აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რათა მომავალში რუსეთის ან ჩინეთის მიერ მისი ოკუპაცია თავიდან აიცილოს.


ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ გრენლანდია უნდა შეიძინოს, მიუხედავად იმისა, რომ 1951 წლის შეთანხმების თანახმად, მას კუნძულზე უკვე აქვს სამხედრო წარმომადგენლობა, ასეთი შეთანხმებები გრენლანდიის თავდაცვის გარანტიისთვის საკმარისი არ არის.


ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გრენლანდიის ფლობა, ტრამპმა უპასუხა, რომ ქვეყნები იცავენ თავიანთ საკუთრებას და არა რაიმე ხელშეკრულებებს, აშშ-ს კი, მოუწევს გრენლანდიის დაცვა, რადგან რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიის დაკავების უფლებას არ მისცემს.


„ქვეყნები იცავენ საკუთრებას და არა იჯარის ხელშეკრულებებს და ჩვენ მოგვიწევს გრენლანდიის დაცვა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩინეთი ან რუსეთი გააკეთებს. ეს არ მოხდება. მე მომწონს ჩინეთი, რუსეთი, მიყვარს ჩინეთის ხალხი, რუსეთის ხალხი. პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ მისით. პრეზიდენტ სი ძინპინისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. აპრილში ჩინეთში მივდივარ, მაგრამ არ მინდა, ისინი გრენლანდიაში მეზობლად იყვნენ. ეს არ მოხდება,“ – განაცხადა ტრამპმა.


„გრენლანდიაში რუსეთი და ჩინეთი არ გვსურს. თუ ჩვენ გრენლანდიას არ დავიკავებთ, მაშინ თქვენ კარის მეზობლად რუსეთი და ჩინეთი გეყოლებათ. ეს არ მოხდება.


ჯერჯერობით, გრენლანდიისთვის თანხებზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათ ეს. რადგან თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, მაშინ რუსეთი და ჩინეთი გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებენ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების დადებას „მარტივი გზით“ ვერ შეძლებს, მაშინ ამას „რთული გზით“ გააკეთებს.


„მე დანიის დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობას იჩენენ. მაგრამ, ის ფაქტი, რომ მათ 500 წლის წინ იქ ნავი გააჩერეს, არ ნიშნავს, რომ მიწას ისინი ფლობენ. დარწმუნებული ვარ, იქ ჩვენც ბევრი ნავი გვყავდა. ასე რომ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, მარტივი ან რთული გზით,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, NATO-ს უნდა ესმოდეს, რომ ის ალიანსის გულშემატკივარია, რადგან მან  NATO გადაარჩინა.


„ NATO-მ უნდა გაიგოს, რომ მე NATO-ს მომხრე ვარ. მე გადავარჩინე NATO. მე რომ არა, ახლა  NATO არ გვექნებოდა, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა გრენლანდია დაიპყროს და ეს არის ის, რაც მოხდება, თუ ამას არ გავაკეთებთ,“ – განაცხადა ტრამპმა.


დანია და გრენლანდია აცხადებენ, რომ ტერიტორია არ იყიდება. დანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო მოქმედება ტრანსატლანტიკური თავდაცვის ალიანსის დასასრულს გამოიწვევს. 57 000 მოსახლეობით, კუნძული დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა.