ამერიკა ირანის ბიზნესპარტნიორებს 25%-იან ტარიფებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის 25% ტარიფს უწესებს ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნესურთიერთობა აქვთ. 


  • კერძოდ, ქვეყანამ, რომელსაც ირანთან ბიზნესურთიერთობა აქვს, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იან ტარიფი უნდა გადაიხადოს. 

ტარიფი „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“, თუმცა ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ირანთან ბიზნესურთიერთობაში.


„ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის,“ - აღნიშნა ტრამპმა.


ტრამპის თქმით, აღნიშნული ბრძანება „საბოლოო და დასკვნითია.“

Reuters-ი წერს, რომ თეთრი სახლის ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა ოფიციალური დოკუმენტაცია აღნიშნული პოლიტიკის შესახებ და არც ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იურიდიულ უფლებამოსილებას გამოიყენებს ტრამპი ტარიფების დასაწესებლად, ან იქნება თუ არა ტარიფები მიმართული ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორის წინააღმდეგ.


უცნობია, კონკრეტულად ირანის რომელ სავაჭრო პარტნიორებს შეეხებათ ტრამპის გადაწყვეტილება.

ცნობისთვის, ირანთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსაც. მათ შორის 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ირანიდან საქართველოში 295.3 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ( FDI ) შემოვიდა. 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 36.9 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 285.1 მლნ აშშ დოლარი.


რაც შეეხება საქართველოს აშშ-სთან ვაჭრობას, საქსტატის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან აშშ-ში 141 მლნ დოალარზე მეტის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე დიდი წილი 90 მლნ-ზე მტი ფეროშენადნობებზე მოდიოდა. აპრილში ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის, საქართველოს - 10%-იანი ტარიფი, რაც მინიმალური, საბაზისო განაკვეთია.