“ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა, ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის მან ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია,“ - აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა.
ლანჩი, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, პირველი პირისპირ შეხვედრა იყო ამ ორ ფიგურას შორის. შემდეგ მაჩადომ შეხვედრები გამართა ათზე მეტ სენატორთან - როგორც რესპუბლიკელებთან, ასევე, დემოკრატებთან.
მაჩადოს ვიზიტის მსვლელობისას თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი ელოდა მაჩადოსთან შეხვედრას, თუმცა კვლავაც ინარჩუნებდა თავის "რეალისტურ" შეხედულებას - ამ ეტაპზე მაჩადოს არ აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საკმარისი მხარდაჭერა.
მაჩადოს თქმით, საჩუქარი „ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის „ძმობის ნიშანია.“
მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მაჩადომ გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს ესპანურად მიმართა: „შეგვიძლია პრეზიდენტ ტრამპზე დაყრდნობა.“
მაჩადოს არ დაუკონკრეტებია, მიიღო თუ არა საჩუქარი დონალდ ტრამპმა.
Reuters წერს, რომ მაჩადოს ჟესტი ნაწილია მისი ძალისხმევისა, გავლენა მოიპოვოს თავისი ქვეყნის სამომავლო კურსზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც ხშირად საუბრობს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილზე, უკმაყოფილება გამოთქვა, როდესაც გასულ წელს პრემია მას არ გადასცეს.
ოფიციალურად, ჯილდო მაინც მაჩადოს დარჩება - ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება პრემიის შემდგომი გადაცემა, გაყოფა ან ჩამორთმევა.
ცნობისთვის, ვენესუელაში 2024 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მაჩადოს მონაწილეობა აუკრძალა უმაღლესმა სასამართლომ, რომელიც მადუროს მოკავშირეებით იყო დაკომპლექტებული.
გარე დამკვირვებლებში ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა ედმუნდო გონსალესმა - მას მაჩადოც უჭერდა მხარს, თუმცა მადურომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ძალაუფლება შეინარჩუნა.
კარაკასში აშშ-ის ძალების მიერ მადუროს დაკავების შემდეგ, ტრამპმა უარი განაცხადა, მხარი დაეჭირა მაჩადოსთვის, როგორც ვენესუელის ახალი ლიდერისთვის.
- ტრამპი: მე მარტომ დავასრულე რვა ომი და NATO-ს წევრმა ნორვეგიამ სულელურად გადაწყვიტა, ჩემთვის არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია
- ტრამპი: კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს