რომელი ქვეყნები მიიწვიეს ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო „ღაზის სექტორის სამშვიდობო საბჭოს“ წევრად მიიწვია. რემლი „მოწვევას სწავლობს“ და „დეტალების გარკვევას“ აპირებს. ლუკაშენკომ ტრამპის წინადადებას „დადებითად“ უპასუხა.


18 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიიღო მოწვევა აშშ-ის პრეზიდენტისგან, შეუერთდეს მის მიერ შექმნილ ახალ საერთაშორისო ორგანოს. „ის (ორბანი - რედ.) აღფრთოვანებულია ამ მოწვევით და, ბუნებრივია, მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში,“ - თქვა სიიარტომ.


ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო ტრამპის მოწვევა. 


„პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, წვლილი შეიტანოს ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, სახელმწიფოთაშორისი ნდობის განმტკიცებასა და გლობალურ სტაბილურობაში,“- განაცხადა ტოკაევის პრესმდივანმა, რუსლან ჟელდიბაიმ.


მედიის ცნობით, ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ დაახლოებით 60 ქვეყანა მიიწვია. მოწვეულთა შორის ასევე არიან თურქეთის, კანადის, უზბეკეთის, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.


ჩინეთს მოწვევა არ მიუღია. „ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში ასევე იქნებიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, საუდის არაბეთი, კატარი და ეგვიპტე.


16 იანვარს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის დამფუძნებელ-აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შევლენ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი, მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.


შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“ დონალდტრამპი უხელმძღვანელებს. საბჭო ღაზის დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.


ასევე შეიქმნება ღაზის სექტორის ცალკე აღმასრულებელი საბჭო, რომელიც 11 წევრისგან იქნება შედგენილი. მათ შორის არიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გაეროს საგანგებო კოორდინატორი სიგრიდ კააგი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რიმ ალ-ჰაშიმი.


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობა ისრაელთან შეთანხმებული არ ყოფილა და მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა, საბჭოში ფიდანის ყოფნით იყოს გამოწვეული, რადგან ისრაელი ეწინააღმდეგება საბჭოს წევრებს შორის თურქეთის ყოფნას.


ცნობისთვის, 18 იანვარს Bloomberg-ი წერდა რომ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს.