სომხეთმა და აზერბაიჯანმა თხევადი გაზისა და ბიტუმის აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა Facebook-ზე დაწერა.
„ჩვენს მეწარმეებს ახლა შეუძლიათ, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით,“ - დაწერა პაპოიანმა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს ტვირთები ძირითადად საქართველოზე გადიოდა. საუბარია რუსეთიდან (ან რუსეთის მიმართულებით) მომავალ სარკინიგზო გადაზიდვაზე და არა ზოგადად, ყველა საერთაშორისო გადაზიდვაზე.
რადიო თავისუფლების კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ფასების ცვლილება აზერბაიჯანის გავლით იმპორტის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა:
„მიზანი ყოველთვის არის საქონლის მაქსიმალური უწყვეტობის უზრუნველყოფა და, ბუნებრივია, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება და, შესაბამისად, თვითღირებულების შემცირება.“
2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა გააუქმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტის აკრძალვა. სომხეთმა ტვირთების (მარცვლეულის, ბენზინისა და დიზელის საწვავი) მიღება აზერბაიჯანის გავლით გასული წლის ბოლოს დაიწყო. მას შემდეგ ამ მიმართულებით ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები.
2026 წლის 21 იანვარს დავოსის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში შევლილ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ახალ სატრანზიტო დერეფნებზე.
აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების პირველი პარტია სომხეთში 2025 წლის დეკემბერში ჩავიდა. ეს ტვირთი მოიცავდა 1 220 ტონა АИ-95 მარკის ბენზინს.
2026 წლის იანვარში აზერბაიჯანმა სომხეთში გაგზავნა ნავთობპროდუქტების მეორე პარტია, საერთო მოცულობით 2 698 ტონა (48 ცისტერნა-ვაგონი), მათ შორის, 1 742 ტონა АИ-95 ბენზინი და 956 ტონა დიზელის საწვავი. ტვირთი გაიგზავნა ბალაჯარის სადგურიდან ბიოუკ-კესიკის სადგურის მიმართულებით (საქართველოს საზღვარზე).