ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

თეირანის მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი მეთოდებით ჩახშობის შემდეგ, ევროკავშირის მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე ახალი სანქციები მიიღეს იმ ირანელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარს უჭერენ.


ევროკავშირის სანქციები ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 21 ფიზიკური პირისა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო 10 ორგანიზაციის წინააღმდეგ ამოქმედდება. მათ შორის არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურები, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესქანდარ მომენი და გენერალური პროკურორი მოჰამად მოვაჰედი აზადი. 


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 29 იანვარს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ.


“არ შეიძლება, რეპრესიები უპასუხოდ დარჩეს.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მტკიცე ნაბიჯი გადადგეს ირანის “რევოლუციის გუშაგების” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით.

ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ათასობით თავის მოქალაქეს კლავს, თავისი დაღუპვისკენ მიდის,” - წერს კალასი.


 გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

“მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას ირანის მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე.


ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო.

“ტერორისტი” ზუსტად ის არის, თუ როგორ უნდა დაუძახო რეჟიმს, რომელიც სისხლში ახრჩობს თავისი ხალხის პროტესტს.

ევროპა გვერდში უდგას ირანელ ხალხს თავისუფლებისთვის მათ მამაც ბრძოლაში,” - წერს ფონ დერ ლაიენი.


  • “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ირანში 1979 წლის ირანული რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. სავარაუდოდ, მას დაახლოებით 190 000 აქტიური პერსონალი ჰყავს, რომლებსაც აქვთ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობები. 

გადაწყვეტილების შემდეგ “გუშაგთა კორპუსი” მოხვდება იმავე კატეგორიის ორგანიზაციებს შორის, როგორებიცაა, „ისლამური სახელმწიფო“, ჰამასი და „ალ-ქაიდა". 


აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ირანში ძალადობის შედეგად, ბოლო კვირების განმავლობაში, სულ მცირე, 6373 ადამიანი დაიღუპა და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია. ამავე ცნობით, 42450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.