როგორ მოქმედებს "ენერგეტიკული ზავი"

  • დონალ ტრამპმა პუტინს სთხოვა, შეეჩერებინა კიევსა და სხვა ქალაქებში ელექტროსადგურებზე დარტყმები, თუმცა კრემლის თქმით, დარტყმების შეჩერების ვადა კვირას, პირველ თებერვალს იწურება. 
  • არც აშშ-ის ლიდერმა და არც მოსკოვმა არ დააკონკრეტეს, თუ როდის მიმართა ტრამპმა პუტინს თხოვნით. 
  • უკრაინული მედიის ცნობით, დაბნეულობა წარმოიშვა როგორც დროის, ასევე, სავარაუდო წინადადების ფარგლების შესახებ. 
  • Financial Times-ის ჟურნალისტმა კრისტოფერ მილერმა კიევში წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ტრამპის მიერ პუტინისადმი თხოვნის შესახებ, მისი საჯარო გამოსვლიდან შეიტყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონის გარდა, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის მხრიდან დარტყმა არ ყოფილა. ეს განცხადება ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვისას, 30 იანვრის საღამოს გააკეთა.


„ჩვენს ყველა რეგიონში, პარასკევის ღამიდან მოყოლებული, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები ნამდვილად არ განხორციელებულა - თითქმის არ ყოფილა. გამონაკლისი იყო დონეცკის ოლქი, სადაც ავია ბომბებით ერთი დარტყმა განხორციელდა გაზის ინფრასტრუქტურაზე.“ უკრაიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა თავდასხმები ლოგისტიკისა და საკვანძო სარკინიგზი ჰაბებისკენ გადაიტანა. 


კერძოდ, დნეპროპეტროვსკის რეგიონში დარტყმა განხორციელდა უკრაინის რკინიგზის კომპანიის ვაგონ-ელექტროსადგურზე. 


ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის ქალაქებზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვეული თავდასხმები დრონებით, რაკეტებითა და საჰაერო ბომბებით. ხარკოვის რეგიონში ბალისტიკური დარტყმის შედეგად, ამერიკული კომპანია Philip Morris-ის საწყობები დაზიანდა, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. სხვა თავდასხმები დაფიქსირდა ნიკოპოლში, ხერსონის და ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში.


„აშშ-ის მხარემ ისაუბრა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთი კვირის განმავლობაში თავშეკავების შესახებ - ათვლა ღამით დაიწყო. როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, დიდწილად, ჩვენს პარტნიორებზე - შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს და დღეს ჩვენ, რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებს თავს არ დავსხმივართ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 


შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 30 იანვარს დაადასტურეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა კიევზე დარტყმების დროებით შეწყვეტა. პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი დათანხმდა  ტრამპის თხოვნას, დარტყმებისგან პირველ თებერვლამდე შეიკავოს თავი, რათა შეიქმნას „ხელსაყრელი პირობები“ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.


მან არ დააკონკრეტა, როდის სთხოვა ტრამპმა პუტინს დარტყმების შეჩერება.


გაურკვეველი დარჩა, პესკოვი „კიევს“ მხოლოდ დედაქალაქთან მიმართებით იყენებდა, სადაც უკრაინაში რუსეთის დარტყმების შემდეგ ასობით ბინა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, თუ მთელი ქვეყნის აღსანიშნავად.


პესკოვმა არ ახსენა ცივი ამინდი და არც ის დააკონკრეტა, თავს შეიკავებდა თუ არა რუსეთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისგან. სამაგიეროდ, შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მცდელობად წარმოაჩინა.


„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სთხოვა, თავი შეიკავოს კიევზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პერიოდში. დიახ, პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა იყო,“ - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: მხარს უჭერს თუ არა მოსკოვი ვაშინგტონის ინიციატივას.


„ძლიერი სიცივის გამო, მე პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები. ეს უბრალოდ სიცივე არ არის; ეს არის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა.“


"ასეთი სიცივე მათ არასდროს განუცდიათ. და ამიტომ, პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ განახორციელოს დარტყმები კიევზე ან სხვა ქალაქებზე. ის ამაზე დათანხმდა და უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო,“ - განაცხადა 29 იანვარს ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, თეთრ სახლში. აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, როდის იწურება „ენერგეტიკული ზავის“ პერიოდი.


თავის მხრივ, ზელენსკიმ იმედს გამოთქვა, რომ რუსული მხარე შეთანხმებას შეასრულებდა, ტრამპს კი, მადლობა გადაუხადა.


დონალდ ტრამპის განცხადება კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ მნიშვნელოვანია ამ ექსტრემალური ზამთრის პერიოდში. ელექტროენერგიით მომარაგება სიცოცხლის საფუძველია. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას, დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვაში. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ! ჩვენმა გუნდებმა ეს საკითხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განიხილეს. ჩვენ ველით, რომ შეთანხმებები ამოქმედდება. დეესკალაციის ნაბიჯები ხელს უწყობს ომის დასრულებისკენ მიმართულ რეალურ პროგრესს,“ – განაცხადა ზელენსკიმ 29 იანვრის საღამოს.


30 იანვარს ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის არ ყოფილა პირდაპირი დიალოგი და შეთანხმება ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ. ზელენსკის თქმით, სხვადასხვა, „ყველაზე მგრძნობიარე“ საკითხი აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა.


უკრაინის პრეზიდენტმა 30 იანვარს დაწერა X-ზე, რომ „გუშინ ღამით, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განხორციელებულა“, თუმცა 29 იანვრის შუადღისას, რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რამდენიმე ოლქში შეუტიეს. 


ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმები ლოგისტიკურ სამიზნეებზე გადაიტანა და „ქალაქებში ჩვეულებრივ საცხოვრებელ უბნებზე“ დრონებით თავდასხმები გრძელდება. მანვე განმარტა, რომ ხარკოვის ოლქზე ბალისტიკური დარტყმის შედეგად, სამოქალაქო საწარმოო ობიექტის საწყობები დაზიანდა. ეს ამერიკული კომპანიაა.


ამავე დროს, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ღამით უკრაინის მიმართულებით ათობით დრონი და რაკეტა გაუშვა.


„30 იანვრის ღამეს [06:00 საათიდან] მოწინააღმდეგემ, ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 111 სადესანტო დრონი გაუშვა,“ - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში. 


თუმცა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლების ცნობით, 30 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაშავდა.


ცნობისთვის, რუსეთმა ბოლოს რაკეტებითა და დრონებით მასობრივი დარტყმა უკრაინის დედაქალაქზე 24 იანვრის ღამით განახორციელა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია კიევის 80%-ში, ზამთრის ტემპერატურის ვარდნის ფონზე. 27 იანვრის ღამით, რუსეთმა ოდესაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ შენობებზე მასობრივი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ აგრძელებს ომს. მისი ჯარები დიდი ხანია, ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. ენერგოკრიზისის გამო კი, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს. 


უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკება, რომელზეც ომის დასრულების პირობები განიხილებოდა. სამმხრივი მოლაპარაკება პირველ თებერვალსაც გაგრძელდება.