ამერიკამ ირანული ნავთობით მოვაჭრეები დაასანქცირა

აშშ-მ სანქციები დაუწესა 15 სუბიექტსა და 14 „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემს, რომლებიც დაკავშირებულია ირანული ნავთობით, ნავთობპროდუქტებითა და ნავთობქიმიური პროდუქტებით უკანონო ვაჭრობასთან.

ახალი სანქციები გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ირანის წარმომადგენლებმა არაპირდაპირი მოლაპარაკებების დღე დაასრულეს ომანში.


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ ირანი ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს „მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის დასაფინანსებლად და ირანში რეპრესიების გასაძლიერებლად“ იყენებს.



6 თებერვალს ომანში გაიმართა მოლაპარაკება აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებს შორის - გავრცელებული ცნობებით, ირანის დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი, თავისი ხედვა გააცნო ომანის მხარეს, რომელიც შუამავლის როლით გამოდის. ირანის პოზიცია ომანმა მიაწოდა აშშ-ის წარმომადგენლებს. 


მოლაპარაკების შემდეგ, არაყჩიმ განაცხადა, რომ შეხვედრა ატომური პროგრამის საკითხზე იყო კონცენტრირებული. აშშ-ის მხრიდან ომანში ჩავიდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.